Black Friday-ის ფასდაკლებების მიმართ მომხმარებელთა ნდობა მცირდება. Boston Consulting Group-ის (BCG) 2026 წლის კვლევის თანახმად, მომხმარებელთა მხოლოდ 54% ენდობა, რომ Black Friday-ის ფარგლებში რეკლამირებული ფასები რეალურად უფრო დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივ პერიოდში. ამასთან, გამოკითხულთა 20% ფასდაკლებების სანდოობას პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს.

კვლევა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა ნაწილში ე.წ. ფასდაკლებების დაღლილობაც იზრდება. გამოკითხულთა 22% წლის ბოლოს სავაჭრო აქციების პერიოდში ნაკლების დახარჯვას ან საერთოდ არ შეძენას გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ მსგავსი შეთავაზებები წლის განმავლობაში ისედაც ხშირად გვხვდება. მიუხედავად სკეპტიციზმისა, მომხმარებლებს კარგი შეთავაზებისთვის კვლავ მნიშვნელოვანი ფასდაკლება სჭირდებათ – მათთვის მისაღები მინიმალური ფასდაკლება დაახლოებით 30%-ია. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 32%-ს შეადგენდა.

კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ზრდაა. მომხმარებლები სულ უფრო ხშირად მიმართავენ AI-ს პროდუქტებისა და ფასების შესადარებლად, შეთავაზებების მოსაძებნად და შესყიდვის გადაწყვეტილების მისაღებად. BCG-ის მონაცემებით, მომხმარებელთა 56% წელს საყიდლების პროცესში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გეგმავს ან უკვე იყენებს. ამასთან, გამოკითხულთა 39% AI-ს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ფასების შესადარებლად ენდობა, ხოლო 37% – პროდუქციის მახასიათებლების შესადარებლად.

BCG-ის მეექვსე ყოველწლიური კვლევა 10 ქვეყანაში 10 220 მომხმარებლის გამოკითხვას ეფუძნება. კვლევა მოიცავს მომხმარებელთა მოლოდინებსა და ქცევას წლის ბოლოს დაგეგმილი ძირითადი სავაჭრო აქციების, მათ შორის Singles’ Day-ის, Black Friday-ისა და Cyber Monday-ის პერიოდში. კვლევის ავტორების შეფასებით, საცალო ვაჭრობის კომპანიებისთვის ფასდაკლების სიდიდესთან ერთად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მომხმარებელთა ნდობის მოპოვება, ფასების გამჭვირვალობა და შეთავაზებების რეალურობის დადასტურება.