დღეს მოდის ინდუსტრიაში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია საფრანგეთში დაფუძნებული Louis Vuitton Moët Hennessy-ია, რომლის კაპიტალიზაცია $297.7 მილიარდს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ LVMH-ს, აქციების ფასის მნიშვნელოვანი კლების ფონზე, 16 აპრილს ამ სტატუსის დათმობა Hermès-ისთვის მოუწია, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.
LVMH მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ზოგად ჩამონათვალში 30-ე ადგილს იკავებს. ინდუსტრიის უმსხვილესი კონგლომერატის შემადგენლობაში ისეთი ცნობილი ბრენდები შედის, როგორებიცაა Louis Vuitton-ი, Dior-ი, Sephora, Moët & Chandon-ი, Hennessy, Tiffany & Co., Fendi, Bulgari, Givenchy და სხვა.
LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი ფრანგი ბერნარ არნოა, რომელიც გასული წლის ამავე პერიოდში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ფლობდა, ახლა კი მილიარდერების რეიტინგში მე-6 პოზიციას სჯერდება. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მოცემული დროისთვის არნო 145.1 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.
მოდის ინდუსტრიის მეორე მსხვილი წარმომადგენელი ასევე ფრანგული კომპანია Hermès-ია. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $274.5 მილიარდს მცირედით აჭარბებს. კომპანია ზოგად რეიტინშგი 34-ე ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, ფრანგული მოდის სახლი Hermès-ი 188 წლის წინ ტიერი ჰერმესმა დააფუძნა. გასული წლის მონაცემებით, კომპანია 25,000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.
გასული წლის ამავე პერიოდში Hermès-ის პოზიციას სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ამერიკული მწარმოებელი Nike-ი იკავებდა, თუმცა ის ამჟამად მე-8 პოზიციაზეა. ბოლო მონაცემებით, კომპანიის კაპიტალიზაცია $79 მილიარდს ოდნავ აჭარბებს, გასულ წელს კი თითქმის $154 მილიარდს შეადგენდა.
Nike-ი 1964 წელს ფილ ნაიტმა და ბილ ბაუერმანმა დააფუძნეს. კომპანიას 1971 წლამდე Blue Ribbon Sports-ი ერქვა, ამის შემდეგ კი ბერძნული ქალღმერთის სახელი დაერქვა. Nike-ი ფლობს ბრენდებს, Air Jordan-სა და Converse-ს.
მოდის ინდუსტრიის გიგანტებს შორის საბაზრო კაპიტალიზაციით მესამე ადგილს ესპანეთში დაფუძნებული Inditex-ი იკავებს, რომელიც ზოგად რეიტინგში 97-ე ადგილზეა. მისი კაპიტალიზაცია მოცემული დროისთვის $164 მილიარდს მცირედით აჭარბებს. Inditex-ი ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა Zara, Massimo Dutti, Pull&Bear-ი, Bershka, Stradivarius-ი და სხვა.
მოდის ინდუსტრიის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიები:
- LVMH – $297.70 მლრდ – საფრანგეთი
- Hermès – $274.51 მლრდ – საფრანგეთი
- Inditex – $164.05 მლრდ – ესპანეთი
- TJX Companies – $141.10 მლრდ – აშშ
- Fast Retailing – $98.44 მლრდ – იაპონია
- Dior – $95.76 მლრდ – საფრანგეთი
- Cintas – $82.66 მლრდ – აშშ
- Nike – $79.03 მლრდ – აშშ
- Ross Stores – $45.60 მლრდ – აშშ
- Adidas – $40.07 მლრდ – გერმანია