მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენცია დღეს იხსნება და 15 თებერვალს დაიხურება.

კონფერენციას მსოფლიოს 50-მდე სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მათ შორის არიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

კონფერენციაზე ასევე მიწვეული არიან მსოფლიოს ასი ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, სულ ათასამდე სტუმარი 120 ქვეყნიდან. საქართველოდან კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დაესწრება.

კონფერენციას სიტყვით გახსნის გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომელიც, სავარაუდოდ, ტრანსატლანტიკური კავშირების გამყარებასა და ევროკავშირის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრებს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი.

გერმანია კონფერენციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაახლოებით 5 000 პოლიციელს განათავსებს, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან. დაგეგმილია რამდენიმე საპროტესტო აქცია და შეკრება.

პირველი არხი