აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აპირებს შეამციროს 50-დღიანი ვადა, რომელიც მან ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დაუწესა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტისთვის ახალი ვადა 10-12 დღე იქნება, რომლის ათვლაც დღეიდან დაიწყება.

"მე ვაპირებ ახალ ვადა დავაწესო, დღეიდან დაახლოებით 10 ან 12 დღის განმავლობაში. ლოდინის არანაირი მიზეზი არ არსებობს. იყო 50 დღე, მინდოდა გულუხვი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ რაიმე პროგრესს", - განაცხადა მან.

განცხადება ტრამპმა შოტლანდიაში ვიზიტისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კიტ სტრამერთან გასამართი შეხვედრის წინ გააკეთა. ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამს კიევსა და სხვა დასახლებულ ადგილებზე რუსების მიერ მიტანილ იერიშებთან დაკავშირებით.

"ჩვენ გვეგონა, რომ ამაზე არაერთხელ შევთანხმდით, შემდეგ კი პრეზიდენტი პუტინი გამოვიდა და რაკეტების გაშვება დაიწყო კიევის მსგავსი ქალაქის მიმართ, მათ შორის მოხუცებულთა თავშესაფარში და ბევრი ადამიანი მოკლა. ყველგან გვამებია მიმოფანტული... მე იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით, ძალიან იმედგაცრუებული ვარ მისით. იმ 50 დღეს, რომელიც მას მივეცი, უფრო ნაკლებ რიცხვამდე შევამცირებ, რადგან ვფიქრობ, რომ უკვე ვიცი პასუხი იმაზე, თუ რა მოხდება", - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ომი უკრაინაში 50 დღეში არ დამთავრდება, ვაშინგტონი რუსეთის მიმართ, თითქმის, 100%-იან მეორად ტარიფებს დააწესებს.