კარგავენ თუ არა დასაქმებულები პროდუქტიულობას, თუ ისინი კვირაში ოთხი დღე მუშაობენ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მასშტაბური საერთაშორისო კვლევის ავტორები 6 თვის განმავლობაში ცდილობდნენ. ექსპერიმენტში მონაწილეობა 141 კომპანიის 2896 თანამშრომელმა მიიღო. ისინი ავსტრალიიდან, კანადიდან, ირლანდიიდან, ახალი ზელანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან იყვნენ. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო დღეება კვლევის მონაწილეების ანაზღაურებაზე არ ასახულა.
ექსპერიმენტის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, კვლევაში ჩართულმა თითოეულმა თანამშრომელმა კითხვარს უპასუხა, რომლის მიხედვითაც მათი კეთილდღეობა შეფასდა. კითხვები იყო შემდეგი: „გაღიზიანებთ თუ არა თქვენი სამსახური?“ და „როგორ აფასებთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას?“. ახალი გრაფიკით ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ, მათ კვლავ უპასუხეს იმავე კითხვებს. პასუხები მიუთითებდა გადაღლის შემცირებაზე, სამუშაოთი კმაყოფილების ზრდაზე და ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.
ავტორებმა ასევე შეამოწმეს, იწვევდა თუ არა შემცირებული სამუშაო კვირა დამატებით სტრესს, ეფექტურობის ნაკლებ დროში შენარჩუნების სურვილის გამო. კვლევის წამყვანმა ავტორმა, ბოსტონის კოლეჯის სოციოლოგმა ვენ ფანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ეფექტი არ დაფიქსირებულა. პირიქით, თანამშრომლებში სტრესის დონე შემცირდა.
ანალიზმა აჩვენა, რომ სამუშაო საათების შემცირებამ დასაქმებულის კეთილდღეობა გააუმჯობესა. ავტორების აზრით, ეს ეფექტი სამი ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული: შრომისუნარიანობისა და თვითშეფასების გაუმჯობესება, ძილის პრობლემების შემცირება და დაღლილობის შემცირება. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ სამუშაო კვირების შემცირება ეფექტური გამოსავალია, რომელსაც შეუძლია თანამშრომლების კეთილდღეობის გაუმჯობესება ბიზნესის რისკის გარეშე.
კვლევაში არ იყო გაანალიზებული, იმოქმედა თუ არა შემცირებულმა სამუშაო საათებმა კომპანიების საერთო პროდუქტიულობაზე, თუმცა ექსპერიმენტში მონაწილე კომპანიების 90%-ზე მეტმა საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა 4-დღიანი სამუშაო კვირის გრაფიკის გაგრძელება.