უკვე დაახლოებით 15 წელია, პრეპარატთა კლასი, რომელსაც საკონტროლო პუნქტის ინჰიბიტორებს უწოდებენ, კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სახის — მელანომას სამკურნალოდ გამოიყენება.

მრავალი პაციენტისთვის მათ შესანიშნავი შედეგები აქვთ, ზოგისთვის კი არანაირი.

ჯერ არ ვიცით, რატომ ხდება ასე. ავსტრალიის გარვანის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის ჯგუფი ახალ კვლევაში რეალურ დროში დააკვირდა, როგორ ესხმიან თავს მელანომას უჯრედებს იმუნური უჯრედები, სახელად მაკროფაგები. ამან კი შეიძლება მინიშნებები მოგვცეს იმის თაობაზე, როგორ შეიძლება გავხადოთ ეს პრეპარატები ისეთი, რომ იმუშაოს ყველა პაციენტში და არა მხოლოდ ზოგიერთში.

ჯგუფის წევრი, იუკი კეითი მელანომის მქონე პაციენტებს იაპონიაში მკურნალობს. მეორე წევრი, ტრი ფანი ლაბორატორიას ამუშავებს სიდნეიში, გარვანის ინსტიტუტში, სადაც მისი ჯგუფი სპეციალიზებულია იმუნური სისტემის უჯრედების რეალურ დროში დაკვირვებაზე.

იუკის სურდა გაეგო, რატომ არ მუშაობს იმუნური საკონტროლო პუნქტის ინჰიბიტორები ბევრ პაციენტში და ამიტომ, კვლევის გაგრძელების მიზნით, ტრი ფანის ლაბორატორიას შეუერთდა.

მკურნალობა უშედეგოა ე. წ. ცივი სიმსივნეების შემთხვევებში, როგორც მას ონკოლოგები უწოდებენ; ასეთ შემთხვევებში, სიმსივნის გარემო აქტიურად ზღუდავს იმუნური უჯრედების, T-ლიმფოციტების მასზე თავდასხმას. ლაბორატორიის ერთ-ერთი მიზანი იმის დადგენაა, როგორ გახადონ სიმსივნეები „ცხელი“, რაც T-ლიმფოციტებს კიბოს უჯრედებში შეღწევისა და მათი განადგურების საშუალება მიეცემათ.

მკვლევართა მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ გასაღები შეიძლება იმალებოდეს სხვა სახის იმუნურ უჯრედებში, სახელად მაკროფაგებში.

1908 წელს, რუს ზოოლოგ ილია მეჩნიკოვს ნობელის პრემია გადაეცა იმუნურ სისტემაში ფაგოციტოზის („უჯრედების მჭამელი“) აღმოჩენისთვის, რომელსაც ახორციელებენ უჯრედები, რომლებსაც მან მაკროფაგები (ბერძნულად „დიდი მჭამელები) უწოდა.

ეს უჯრედები შთანთქავენ და ასუფთავებენ ქსოვილის დაზიანებისა და უჯრედების დახოცვის შედეგად დაგროვებულ ნარჩენებს. ხშირად მათ სხეულის ჩუმ, აუფორიაქებელ მომვლელებს უწოდებენ.

თუმცა, კიბოსთან მიმართებით მათი როლი ხშირად უგულებელყოფილია. სხვა იმუნური უჯრედებისგან განსხვავებით, რომლებიც სისხლის მიმოქცევაში მოძრაობენ და მთელ სხეულში პატრულირებენ, მაკროფაგები „ქსოვილის რეზიდენტები“ არიან და მუდამ ერთ ადგილზე რჩებიან.

კიბოსთან მიმართებით მაკროფაგების როლის შესახებ აქამდე ჩატარებული კვლევები ვარაუდობდა, რომ ისინი ყველა ერთნაირი იყო. თუმცა, როცა მკვლევართა ჯგუფი კანს ახლოდან დააკვირდა, აშკარა გახდა, რომ სხვადასხვა შრეში მრავალი სხვადასხვა სახის მაკროფაგი ბინადრობს.

ერთი კონკრეტული სახის მაკროფაგები (ამოიცნობა CD169-ის სახელით ცნობილი ცილით) კანის ღრმა ნაწილში, ჰიპოდერმისში ბინადრობენ.

ჯგუფმა დაადგინა, რომ ეს მაკროფაგები მელანომის სიმსივნის კიდეების გარშემო განლაგდნენ, თითქოს მის შემოღობვას ცდილობდნენ. როდესაც მკვლევრებმა იქაურობას მაკროფაგები მოაშორეს, მელანომა ზომაში უფრო გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი სიმსივნის ზრდას აფერხებდნენ.

იმის დასადგენად, თუ რეალურად რას აკეთებდნენ ეს CD169-დადებითი მაკროფაგები, მკვლევრებმა ვიზუალიზაციის მოწინავე ტექნოლოგია, სახელად ინტრავიტალური ორფოტონიანი მიკროსკოპი გამოიყენეს. ამან მათ საშუალება მისცა, რეალურ დროში ეყურებინათ ცოცხალ ქსოვილში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებისთვის.

ის, რაც მათ ნახეს, საოცრება იყო — მაკროფაგები ღრღნიდნენ და აქტიურად შთანთქავდნენ მელანომის ცოცხალ უჯრედებს. მართალია, მათ ლაბორატორიაში ადრეც ჰქონდათ ნანახი, როგორ ჭამდნენ მაკროფაგები მკვდარ უჯრედებს, ჯერ არასოდეს ენახათ, როგორ ჭამდნენ ისინი მელანომის ცოცხალ უჯრედებს სამოდელო ორგანიზმში.

კიდევ უფრო გასაოცარი ის იყო, რომ ეს იმუნური თავდასხმა ხდებოდა T-ლიმფოციტების ან კიდევ ერთი სახის იმუნური უჯრედების, B-ლიმფოციტების მიერ გამომუშავებული ანტისხეულების საჭიროების გარეშე — იმუნური სისტემის მოთამაშეები, რომლებსაც ყველაზე ხშირად მიეწერებათ კიბოსთან ბრძოლა.

მათ ასევე დაადგინეს, რომ ასეთი რამ მხოლოდ ლაბორატორიაში არ ხდება. ავსტრალიის მელანომის ინსტიტუტის მკვლევრებმა შეისწავლეს მელანომის პაციენტთა ნიმუშები და იქაც იპოვეს CD169-ის გამომხატველი მაკროფაგების პოპულაციები სიმსივნის კიდეებზე, რაც მიუთითებს, რომ ისინი შეიძლება იქაც ასეთივე დამცავ როლს ასრულებენ.

მაკროფაგები არა მხოლოდ ნარჩენებს ასუფთავებენ. ასევე შეუძლიათ იმუნური სისტემის გაფრთხილება საფრთხის შესახებ. მას შემდეგ, რაც ნარჩენებს მოინელებენ, შეუძლიათ ის „წითელი დროშასავით“ გამოფინონ, რათა T-ლიმფოციტები კიბოს უჯრედების პოვნისა და დახოცვისკენ მიმართონ.

უცნობია, რა უბიძგებს მაკროფაგებს გადაწყვიტონ, ნარჩენები ჩუმად მოასუფთაონ იმუნური სისტემის განგაშის ჩართვის გარეშე თუ წითელი დროშა ასწიონ მის გასააქტიურებლად. ვინაიდან CD169-გამომხატველი მაკროფაგები სტრატეგიულადაა განთავსებული სიმსივნეების გარშემო, მკვლევრები ეჭვობენ, რომ გასაღებს ისინი მალავენ.

მაკროფაგები ფართოდაა გავრცელებული მყარ სიმსივნეთა უმეტესობაში — მათ შორის, გლიობლასტომაში, ძუძუსა და სხვა მრავალი სახის კიბოში. ეს არის არმია, რომელიც უკვე ადგილზეა და მობილიზაციას ელოდება.

მკვლევართა შემდეგი ნაბიჯი იმის დადგენაა, ზუსტად როგორ ჭამენ მაკროფაგები კიბოს ცოცხალ უჯრედებს და როგორ ამყარებენ კომუნიკაციას საფრთხის შესახებ T-ლიმფოციტებთან; ეს ინფორმაცია მათ ახალ სამკურნალო საშუალებათა შექმნაში დაეხმარება.

კვლევა Journal of Experimental Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი