ძალიან ცხელმა ჩაიმ და ყავამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს საყლაპავის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის განვითარების რისკი, – ამ დასკვნამდე მივიდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები დიდი ბრიტანეთის თითქმის 980 000 მოქალაქის მონაცემების ანალიზის შემდეგ. შედეგები გამოქვეყნდა International Journal of Cancer–ში.
მკვლევრები მონაწილეებს დაახლოებით 14 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და იწერდნენ, თუ რამდენად ცხელი ურჩევნიათ მათ სასმელი. მათ, ვინც „ძალიან ცხელი“ სასმელები „თბილი“ სასმელების ნაცვლად აირჩია, საყლაპავის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს დაახლოებით სამჯერ მაღალი რისკი ჰქონდათ. თუმცა, დაავადების კიდევ ერთ გავრცელებულ ტიპთან, საყლაპავის ადენოკარცინომასთან კავშირი ვერ იქნა ნაპოვნი.
სასმელების რაოდენობაც მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დღეში ექვს ან მეტ ცხელ სასმელს სვამდნენ, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის რისკი 71%-ით მაღალი იყო, ვიდრე მათ შორის, ვინც ნაკლებს სვამდა. ავტორები ვარაუდობენ, რომ ძალიან მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება დააზიანოს საყლაპავის ლორწოვანი გარსის უჯრედები.
კვლევა ადასტურებს აზიაში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში ჩატარებული უფრო ადრეული კვლევების დასკვნებს. ამ კვლევებში, ჩაის ან მატეს დაახლოებით 70°C და მეტი ტემპერატურის დალევა ასევე დაკავშირებული იყო საყლაპავის კიბოს განვითარების გაზრდილ რისკთან. 2016 წელს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ ძალიან ცხელი სასმელები „ადამიანისთვის სავარაუდოდ კანცეროგენულ“ სასმელებად დააკვალიფიცირა.
ამასთან, მეცნიერებმა სასმელების რეალური ტემპერატურა არ გაზომეს — მონაწილეებმა ის შეაფასეს, როგორც „ძალიან ცხელი“, „ცხელი“ ან „თბილი“. შესაბამისად, შედეგები არ იძლევა პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის საშუალებას. მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ადამიანები შეიძლება სასმელების ტემპერატურას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ.
დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრი ურჩევს, არ თქვან უარი ჩაიზე ან ყავაზე, უბრალოდ, სასმელი კომფორტულ ტემპერატურამდე გაგრილდეს. დიდ ბრიტანეთში ბრტყელუჯრედოვანი საყლაპავის კიბოს შვიდი შემთხვევიდან დაახლოებით ერთის პრევენცია თეორიულად შესაძლებელი იქნებოდა, თუ „ძალიან ცხელი“ სასმელების მსმელები უფრო დაბალ ტემპერატურას აირჩევდნენ.