„გერმანიაში ზოგიერთ პოლიტიკოსს ჯერ კიდევ სჯერა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრაში დამნაშავე, ირიბად, ბალტიის ქვეყნები და პოლონეთია“, - აცხადებს ესტონელი დეპუტატი, მარკო მიჰკელსონი გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის ინტერვიუს კომენტირებისას.
ბრიტანულმა ტაბლოიდმა „დეილი მეილმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მერკელმა უნგრულ გამოცემა „პარტიზანთან“ ინტერვიუში მიანიშნა, რომ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ირიბად არიან პასუხისმგებელნი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე, რადგან მათ რუსეთსა და ევროკავშირს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს ხელი შეუშალეს.
ამ ვერსიის მიხედვით, პოლონეთის უარმა, მხარი დაეჭირა მინსკის შეთანხმებებისთვის, რომელიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის საკვანძო საერთაშორისო შეთანხმებას წარმოადგენდა, პუტინს უბიძგა, 2022 წელს უკრაინაში შეჭრილიყო.
2021 წელს მერკელმა ევროკავშირს ახალი ფორმატის შექმნისკენ მოუწოდა, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი დიალოგი ყოფილიყო შესაძლებელი.
„ზოგიერთმა ამას მხარი არ დაუჭირა. ესენი, უპირველეს ყოვლისა, ბალტიის ქვეყნები იყვნენ, პოლონეთიც ასევე წინააღმდეგი იყო“, - ციტირებენ მედიაგამოცემები მერკელის სიტყვებს. ყოფილი კანცლერის თქმით, ამ ოთხ ერს „ეშინოდა“, რომ „რუსეთის მიმართ საერთო პოლიტიკა არ გვექნებოდა“.
რიიგიკოგუს (ესტონეთის პარლამენტი) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიჰკელსონი მიიჩნევს, რომ მერკელი არ არის ერთადერთი გერმანელი პოლიტიკოსი, რომელიც ამ მოსაზრებას იზიარებს.
დეპუტატი მარკო მიჰკელსონიფოტო: სიიმ ლევი / ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებელი (ERR)
„ცოტა ხნის წინ, საშუალება მქონდა, გერმანიაში ანგელა მერკელის ერთ-ერთ დიდი ხნის პოლიტიკურ მოკავშირესთან მესაუბრა, რომელსაც დღესაც მაღალი თანამდებობა უკავია. მან გამაკვირვა იმ მოსაზრებით, რომ ბალტიის ქვეყნებს 2021 წლის ზაფხულში მერკელისთვის პუტინთან შეხვედრაში ხელი რომ არ შეეშალათ, ჩვენ ახლა უკრაინაში ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იგივე ხაზია, რომელსაც ახლა თავად მერკელი საჯაროდ გამოხატავს“, - დაწერა მიჰკელსონმა სოციალურ ქსელში ორშაბათს, ამ სტატიის საპასუხოდ.
„სამწუხაროდ, მერკელის პოზიცია აჩვენებს, თუ რაოდენ დაშორებულები ვიყავით - და ზოგიერთ ასპექტში დღესაც ვართ - ჩვენი ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი მოკავშირისგან რუსეთის აგრესიისა და იმპერიული ომების ნამდვილი მიზეზის გაგებაში“, - დასძინა მან.
„თუ ოდესმე არსებობდა დრო ან გზა პუტინის შესაჩერებლად, ეს შეიძლებოდა მომხდარიყო 2008 წელს ბუქარესტში, ნატო-ს სამიტზე. სამწუხაროდ, სწორედ მერკელმა დაბლოკა მაშინ უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება. რუსეთმა ეს მწვანე შუქად მიიღო, რათა დაეწყო თავისი აგრესიული ომები, ჯერ საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ“, - ამბობს მიჰკელსონი.
„„ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენსა და რუსეთის საომარი მანქანის გამოკვებაზე საუბრი ხომ საერთოდ ზედმეტია“, - დასძინა მან.
ამავდროულად, მიჰკელსონმა დასავლეთის ქვეყნებს რუსეთთან დაპირისპირებაში ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა: „რუსეთი მხოლოდ იმას ელოდება, რომ ჩვენ, როგორც მოკავშირეები, ერთმანეთს დავუპირისპირდდეთ. მოდით, ეს გავითვალისწინოთ, როგორც გაფრთხილება და ერთად ვიაროთ წინ, რათა უკრაინას გამარჯვებაში დავეხმაროთ“.
წყარო: 1 არხი