რუსი დამკვირვებლები „ზეწოლის ქვეშ უკან დახევასა“ და კრემლში არსებულ „უცნაურ დისონანსზე“ საუბრობენ: დავაა გაჩაღებული საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის მრჩეველ იური უშაკოვს შორის, თავად პუტინი კი, დაგვიანებული აღიარებით, გაღიზიანებას იწვევს.

რუს ულტრაპატრიოტებს ამის გადაყლაპვა ძალიან უჭირთ: აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საუბარში, ვლადიმერ პუტინმა დაგვიანებით, „ტექნიკური გარემოებების საფუძვლიანი ანალიზისა და ე.წ. „შავი ყუთის“ ჩანაწერების განხილვის შემდეგ“, აღიარა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ გასული წლის 25 დეკემბერს აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო და ეს, სავარაუდოდ, თვითმფრინავის „მახლობლად“ მომხდარი აფეთქებების გამო მოხდა.

„მორალურად უიმედო პოზიცია“

„პუტინმა საიდუმლო სამსახურის აგენტის მაამებლური ტონით იცრუა, თითქოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი მხოლოდ გუშინწინ შეიტყო, – დაწერა ერთ-ერთმა წამყვანმა რუსმა პოლიტიკურმა ბლოგერმა, - არც ერთი გრამი ტაქტი ან ადამიანური თანაგრძნობა დამნაშავე მხრიდან მსხვერპლთა და გადარჩენილთა ნათესავების მიმართ“.

პუბლიცისტმა ვადიმ შუმილინმა ასევე მწარე კომენტარი გააკეთა პუტინის იმ მოულოდნელ აღიარებაზე, რომ რაკეტები თვითმფრინავის „მახლობლად“ აფეთქდა: „როგორც ჩანს, ეს იმის ახსნას ისახავს მიზნად, თუ რატომ იყო საჭირო, ჯერ დაეკავებინათ მორალურად, პოლიტიკურად და იურიდიულად აშკარად გაუმართლებელი პოზიცია და ათი თვის განმავლობაში მტკიცედ დაეცვათ ის, მხოლოდ იმისთვის, რომ დათმობაზე წასულიყვნენ იმ მომენტში, როდესაც ეს ნაკლებად ჰგავს კეთილშობილურ ჟესტს და უფრო მეტად წააგავს გარემოებების, დიახ, გარემოებების, ზეწოლის ქვეშ უკან დახევას“.

პოლიტოლოგმა გიორგი ბოვტმა ირონიულად შენიშნა: „ჩვენს პრეზიდენტს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ მხოლოდ გუშინწინ აცნობეს. თურმე, ასე ყოფილა. ანუ, დეტალები მხოლოდ ახლა აგვიხსნეს. დიდი დრო დასჭირდა, რომ გაგვეგო“.

„ლავროვმა არასწორად გათვალა“

ამ დებატების პარალელურად, გაირკვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პუტინის მრჩეველი, იური უშაკოვი, აშშ-სთან ამჟამინდელი ურთიერთობების შეფასებაში ერთმანეთს მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგებიან.

მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ პუტინისა და დონალდ ტრამპის ალასკის შეხვედღის „იმპულსი“ გაქრა, ხოლო „ურთიერთობების ქსოვილს“ საძირკველში ბზარები გაუჩნდა და ინგრევა, უშაკოვი ამტკიცებს: „რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის კონტაქტები გრძელდება“.

„სერგეი ლავროვის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კრემლს შორის ღია კონფლიქტი მწიფდება, - ამ დასკვნამდე მივიდა ერთ-ერთია უმსხვილესი პოლიტიკური არხი, - ლავროვმა არასწორად გათვალა. ეჭვგარეშეა, რომ ვაშინგტონი არ გაუშვებს შესაძლებლობას, ეს შიდარუსული განხეთქილება გამოიყენოს. ამერიკელები, რუსული ელიტების ამბიციებისა და ურთიერთშურის გამოყენებით, რა თქმა უნდა, კრემლში არსებულ დაჯგუფებებს თვითგანადგურებისკენ უბიძგებენ“.

„სერიოზული შეცდომა“

„ლავროვმა ორიენტაცია დაკარგა, თუმცა ამბობენ, რომ ბებერი ცხენი კვალს არ აფუჭებს, – ნათქვამი იყო ერთ-ერთ პოსტში, - ისინი საერთოდ ელაპარაკებიან ერთმანეთს? როგორც ჩანს, ერთი ხელისუფლისთვის მუშაობენ“.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სავარაუდოდ, ვერ შეძლო აშშ-ის შესახებ პუტინის ორაზროვანი განცხადებების ინტერპრეტაცია, – ნათქვამია ერთ-ერთ ანალიზში, - ლავროვი, ბუნებრივია, დიდხანს ითმენდა. მაგრამ მისმა ეგომ და სიტუაციის არასწორმა შეფასებამ აიძულა, ემოციურად ნაჩქარევი და მცდარი ნაბიჯი გადაედგა. სინამდვილეში, პუტინს ჯერ არაფერი ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ რატომღაც ლავროვმა პრეზიდენტის მოსაზრებები გადაწყვეტილებად მიიღო. ეს სერიოზული შეცდომაა. ამ შეცდომამ ახლა ლავროვი, შესაძლოა, აიძულოს, რომ პენსიაზე გავიდეს.“

„ძალიან მნიშვნელოვანი შეუსაბამობა“

ვლადისლავ ჟურიგინს (160 000 გამომწერი) გაუკვირდა: „რა იყო ეს? შეცდომა კრემლის მატრიცაში? თუ „ცუდი პოლიციელი-კარგი პოლიციელის“ თამაში? ამ კითხვაზე პასუხს მალე გავიგებთ“. სამხედრო ბლოგერმა ოლეგ საროვმა კი „უჩვეულო და ძალიან მნიშვნელოვან შეუსაბამობაზე“ გაამახვილა ყურადღება.

სხვა რუსული ბლოგი ნაკლებად კატეგორიულია: „კრემლი ხშირად იყენებს ორ ურთიერთგამომრიცხავ სიგნალს. პრობლემა სხვა რამეშია: ტრამპის იმპულსები სრულიად ამოიწურა, ჩვენი კი მხოლოდ შიდა აუდიტორიაზეა მიმართული“.

„როდესაც დიპლომატი ამბობს „დიახ“...“

„რუსეთის ომისა და მშვიდობის პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, – განაცხადა ერთმა მიმომხილველმა, - გამოცდილ უშაკოვს კარგად ახსოვს გამონათქვამი, რომელსაც ფრანგ სახელმწიფო მოღვაწე შარლ მორის დე ტალეირანს (1754–1838) მიაწერენ და რომელიც პოპულარულ ხუმრობად იქცა: როდესაც დიპლომატი ამბობს „დიახ“, ეს ნიშნავს „შესაძლოა“. როდესაც დიპლომატი ამბობს „შესაძლოა“, ეს ნიშნავს „არა“. თუ დიპლომატი ამბობს „არა“, ეს ნიშნავს, რომ ის დიპლომატი არ არის“.

წყარო; 1 არხი