აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი „არასდროს უნდა დაწყებულიყო“.
დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, დაასრულებდა თუ არა უკრაინის ომს პირველივე დღეს, როგორც ამას საარჩევნო კამპანიისას ჰპირდებოდა, ტრამპმა ხუმრობით უპასუხა: „ჯერ მხოლოდ ნახევარი დღეა – კიდევ ნახევარი დღე მაქვს“. კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ომის დასრულებას, ტრამპმა განაცხადა: „ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ“.
ოვალურ კაბინეტში აღმასრულებელი განკარგულებების მეორე პაკეტზე ხელის მოწერისას ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებზეც ისაუბრა.
„მე უნდა ველაპარაკო პრეზიდენტ პუტინს. მას არ უნდა უხაროდეს, არც ისე კარგად მიდის საქმე. ის იბრძვის, მაგრამ უმეტესობას ეგონა, რომ ომი ერთ კვირაში დამთავრდებოდა, ახლა კი სამი წელია გასული“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, დაახლოებით მილიონი რუსი ჯარისკაცი და 700 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკაც განადგურებულია.
„რუსეთი უფრო დიდია – მათ მეტი ჯარისკაცის დაკარგვა შეუძლიათ, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის მართვის გზა. ზელენსკის სურს გარიგების დადება, არ ვიცი, პუტინს სურს, თუ არა… მან უნდა დადოს გარიგება. მე ვფიქრობ, რომ ის ანადგურებს რუსეთს გარიგების არდადებით. ვფიქრობ, რუსეთი დიდ უბედურებაში აღმოჩნდება“, – განაცხადა ტრამპმა.
სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ტარიფი უკეთესი სიტყვაა, რადგან ის დოლარს უფრო ძლიერს ხდის“. „მე მგონია, რომ ტარიფები უფრო ეფექტურია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.