შემოწმებული 300 000 აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელთან ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაიხსნა. 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.
„სოკარ ჯორჯია გაზმა" გადაამოწმა 300 ათასამდე აბონენტი, ამ 300 ათასი აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელს ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაეხსნა. 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი. გვქონდა პოტენციური საშიშროება, რომ ამ დანადგარს ძალიან დიდი ზიანი მიეყენებინა მომხმარებლისთვის. ამას დამატებით, 6 ათას აბონენტთან გვქონდა ისეთი ვითარება, როდესაც შეუწყდათ ბუნებრივი აირის მიწოდება. გადავამოწმეთ, თუ ვინ იყვნენ ეს აბონენტები. კომპანიების განმარტებით, დანადგარის ჩახსნის მიუხედავად, ისევ დაგხვდათ დამონტაჟებული, რის გამოც შეუწყდათ გაზის მიწოდება. ზოგ შემთხვევაში კი მომხმარებელმა მოაწესრიგა დანადგარი“, - განაცხადა გულეიშვილმა.
ნინო გულეიშვილი განმარტა ასევე, თუ რატომ დაერიცხა აბონენტების ნაწილს იანვრის თვეში ბუნებრივი აირის გაზრდილი საფასური.
როგორც ნინო გულეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბუნებრივი აირის საფასური გაზრდილი არ არის და კომპანიებს დაგვიანებით ჰქონდათ აღებული ჩვენებები.
„იანვრის თვეში, ჩვენს სამსახურში, ასევე კომისიაში ძალიან გახშირდა მომართვები იმასთან დაკავშირებით რომ იანვრის თვის გადასახადი, რომელიც მიიღეს ქვითრის სახით, მასზე ასახული დავალიანება ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე რეალურად ისინი მოიხმარენ, ის აღემატებოდა წინა თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს.
ჩვენ მივიღეთ განცხადებები და საჩივრები. ინდივიდუალურად დავიწყეთ საჩივრების შესწავლა, ნაწილის დავასრულეთ, ნაწილი მიმდინარეა. მინდა განვმარტო, რომ ბუნებრივი აირის საფასური არ არის გაზრდილი, შესაბამისად, მომავალ თვეშიც დარწმუნდებიან, რომ ძველი ტარიფია. ისმის კითხვა, თუ რამ გამოიწვია 20-30%-ით საფასურის გაზრდა. შევისწავლეთ შემოსული განცხადებები. ყველა შემთხვევაში, რომელიც ჩვენთან შემოვიდა, ყველგან აღმოვაჩინეთ, რომ „სოკარ ჯორჯიას“, „საქორგგაზს“, და „თბილისი ენერჯისაც“ დაგვიანებით ჰქონდათ აღებული ჩვენებები მომხმარებელთან. ზოგადად, ჩვენს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს ვიხდით 30 დღის მოხმარების მიხედვით. თუ კომპანია 30 დღის შემდეგ აიღებს ჩვენებებს, იქნება ეს 2-3-7 დღის შემდეგ აღებული ჩვენება, ნიშნავს რომ 30 დღეს რამდენიმე დღე ემატება, რაც იწვევს გადასახადის მომატებას.
გადასახადის გაზრდას ცალკეულ შემთხვევაში იწვევს კომპანიების მხრიდან არასწორად დაფიქსირებული ჩვენება, ასევე იყოს აღრიცხვიანობის მოშლა, ან არასწორად განხორციელებული აღრიცხვა. თუნდაც, რაიმე ტიპის დაზიანება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ზედმეტი გადასახადის დარიცხვა. ეს არის კორექტირების საფუძველი“,- აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.
ამასთან, გულეიშვილის თქმით, საფასურის კორექტირების საფუძველია თუ დადასტურდება კომპანიის ბრალეულობა.
„თუ დადასტურდა, რომ კომპანიის ბრალეულობით, არასწორად აღებული ჩვენებით, რაიმე ტიპის დაზიანებით, ან თუნდაც აღრიცხვის ხელსაწყოს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად მომხმარებელს ზედმეტად დაერიცხა გადასახადი, ეს კორექტივების საფუძველია. ინდივიდუალურად უნდა ვიმსჯელოთ, უნდა გავაგზავნოთ რეკომენდაცია თანხის კორექტირებაზეც“,- აღნიშნა გულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.