პოლიციამ ხელახლა გახსნა გამოძიება Mango-ს დამფუძნებლის, ესპანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ისააკ ანდიჩის გარდაცვალების საქმეზე. მისი ვაჟი ამ საქმეში ეჭვმიტანილი გახდა, იტყობინება რადიო „Cadena SER“ პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით.
71 წლის მილიარდერი მონსერატის მთებში 2024 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა. ის 150 მეტრის სიმაღლის ფერდობიდან გადმოვარდა. ინციდენტის ერთადერთი მოწმე მისი ვაჟი, ჯონათანი იყო. ინციდენტი უბედურ შემთხვევად იქნა მიჩნეული.
პოლიციამ ორჯერ დაკითხა „მანგოს“ დამფუძნებლის ვაჟი და ვერ იპოვა მტკიცებულება იმისა, რომ ის განზრახ მალავდა ინფორმაციას მამის გარდაცვალების შესახებ ან იტყუებოდა. თუმცა, მოგვიანებით სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს შეუსაბამობები ჯონათან ანდიჩის ჩვენებასა და შემთხვევის ადგილის გამოძიების შედეგებში.
ინციდენტი კვლავ უბედურ შემთხვევად ითვლება, თუმცა მკვლელობის ვერსიაც განიხილება. ანდიჩის ოჯახის არცერთ წევრს გამოძიების ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. შვილის გარდა, ბიზნესმენს ორი ზრდასრული ქალიშვილი დარჩა.