„ახალგაზრდებს, ერთმევათ შესაძლებლობა, რომ საჯარო სკოლის ატესტატით საზღვარგარეთ მიიღონ განათლება“, - ასე აფასებს განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას, რომლის ფარგლებშიც, სკოლები 12-წლიანის ნაცვლად, შესაძლოა, 11-წლიან სწავლებაზე გადავიდნენ.

შალვა ტაბატაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ 12-წლიანი სწავლების საჭიროებას ხსნის და აღნიშნავს, რომ ის ამერიკულ და ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან იყო თავსებადი. შესაბამისად, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ნიჭით, საჯარო სკოლებიდან ხვდებოდნენ ევროპულ უნივერსიტეტებში, ამის შესაძლებლობა ერთმევათ.

როგორც შალვა ტაბატაძე ამბობს, უცხოეთში განათლების მიღებას მხოლოდ შესაბამისი ფინანსური რესურსის მქონე ოჯახები შეძლებენ.

„მეთორმეტე კლასი ეს არ არის ფორმალური მიდგომა საკითხისადმი. რეალურად, მე-12 კლასი საჭიროა იმისთვის, რომ მოსწავლემ მიაღწიოს იმ ცოდნას, კომპეტენციებს, რომელიც მას სჭირდება სკოლის დამთავრების შემდგომ, მათ შორის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 13 წელიც კი არის სწავლება. რეალურად ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ადამიანი უფრო კარგად მომზადებული და მომწიფებული იყოს ცხოვრებისთვის.

მეორე მხრივ, საქართველო გახდა საერთაშორისო გლობალური სივრცის, მათ შორის, ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი, რომლის მოთხოვნა, აღიარების თვალსაზრისით, იყო 12 წლიანი სწავლება. იგივე აშშ-ში და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ზოგადი განათლება არის 12-წლიანი და თუ გვინდა, რომ არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ თავსებადობით, შინაარსობრივად და ასაკობრივი თვალსაზრისით მათი ნაწილი ვიყოთ, ეს უნდა დავაკმაყოფილოთ.

სხვა საკითხია, რატომ არის მოსახლეობაში განცდა, რომ მეთორმეტე კლასი ზედმეტია. სწორედ იმიტომ, რომ გვაქვს მისაღები გამოცდების სისტემა, რომელიც მხოლოდ ამ ერთ კომპონენტიანი სისტემით რიცხავს აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში და სინამდვილეში ფუნქცია აქვს დაკარგული სკოლას, იქ მიღებულ განათლებას. ასეთ ვითარებაში, მე-12 კლასი პრობლემაა, რადგან ყველა ორიენტირებულია 3-4 საგანში მომზადებაზე. სწორედ ამიტომ გაჩნდა საზოგადოებაში განცდა, რომ თუ არაფერს მაძლევს ეს მეთორმეტე კლასი ცოდნით, ცხოვრებისეული გამოცდილებით, უმაღლესში ჩაბარების კუთხით, მაშინ რაღაში მჭირდება. მაშინ, ანალოგიურად, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ მეთერთმეტე, მეათე, ან მეშვიდე კლასიც დავაყენოთ…

მსგავი მიდგომით, რამდენიმე წელში დადგება მეთერთმეტე კლასის პრობლემა, რადგან მეთერთმეტე იქნება მოსამზადებელი კლასი და აბიტურიენტებს შეეშლებათ ხელი სკოლის გამო. ამიტომ, მეთორმეტე და მეთორმეტე კი არ უნდა მოვშალოთ, არამედ სისტემა უნდა შევცვალოთ ისე, რომ სკოლამ მისცეს ერთის მხრივ ხარისხიანი განათლება და მეორე მხრივ, აქ მიღებულმა ცოდნამ, განათლებამ და მოწიფულობამ უნდა მოამზადოს ახალგაზრდა უმაღლესი სასწავლებლისთვისაც, ცხოვრებისთვისაც და ევროპული სივრცისთვისაც.

თუ არ ვიფიქრეთ, როგორ გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი და მეთორმეტე კლასი როგორ გავხადოთ მნიშვნელოვანი, ამ მიდგომით ჩამოვალთ მეექვსე კლასამდე“, - ამბობს შალვა ტაბატაძე.

მისი თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული რეფორმა გვაშორებს საერთაშორისო სტანდარტს და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს.

„შესაძლოა მოსახლეობის უმრავლესობა საერთოდ არ არის დაინტერესებული საზღვარგარეთ სწავლებით და ამიტომ არ აქვს უარყოფით დამოკიდებულება, მაგრამ რეალურად, ამით ჩვენ ადამიანებს ვართმევთ შესაძლებლობას, მიიღონ ამერიკული და ევროპული განათლება. ვინც იყო ამით დაინტერესებული, თუ მანამდე მეთორმეტე კლასის საფეხურით აბარებდა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით, ახლა ეს გადაწყვეტილება არათავსებადია იმ მოთხოვნებთან, რომელიც ამ ქვეყნებში არის.

გუშინ პრემიერმა ისიც თქვა, რომ თუ ვინმეს უნდა მეთორმეტე კლასი, წავიდეს და ევროპაში დაამთავროს ის ერთი წელიო. ეს არ იქნება პრობლემა მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის. თუმცა, ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს საჯარო სკოლაში სწავლობენ და მხოლოდ საკუთარი ნიჭით იღებენ უცხოეთში სწავლის უფლებას, ახლა მათ ერთმევათ შესაძლებლობა, რომ საჯარო სკოლის ატესტატით საზღვარგარეთ მიიღონ განათლება.

მთლიანობაში, დაანონსებული რეფორმა გვაშორებს საერთაშორისო სტანდარტისგან და ევროპული საგანმანათლებლო სივრცისგან. რა თქმა უნდა, მაინც შესაძლებელი იქნება ვიღაცამ მიიღოს ის განათლება, რომელიც ევროპულთან თავსებადი იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ იმ ერთეულების ან მაქსიმუმ ათეულებისთვის, ვისაც ამის ფინანსური რესურსი ექნება“,- ამბობს შალვა ტაბატაძე.

შეგახსენებთ, რომ განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია 16 ოქტომბერს გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე ისაუბრა, მათ შორის საუბარია, რომ სკოლების დაუბრუნდეს 11-წლიან სასწავლო პროგრამას, ასევე ბაკალავრიატი გახდეს 3, ხოლო მაგისტრატურა 1-წლიანი.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი