მაიამიში, ფლორიდაში, აშშ-ის ფედერალურმა პროკურორებმა საარჩევნო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანია Smartmatic-ს კორუფციის საქმეზე ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. გამოძიება ამ საქმეზე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, ამის შესახებ გამოცემა Apnews იტყობინება.
ბრალდების მიხედვით, Smartmatic-მა ფილიპინების საარჩევნო კომისიის მაღალჩინოსნები მილიონ დოლარად მოისყიდა, რათა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სწორედ მათი ელექტრონული მოწყობილობებით ჩატარებულიყო.
კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელები იგივე საქმეზე უკვე გასულ წელს გაასამართლეს. ახლა კი გამოძიების ფოკუსი უშუალოდ თავად კომპანიაზე გადატანილია.
Smartmatic და მისი ყოფილი მენეჯერები ყველა ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლოში ბოლომდე იბრძოლებენ.
კომპანია ვენესუელელმა ბიზნესმენებმა 2000 წელს დააფუძნეს, უგო ჩავესის მმართველობის პერიოდში. სწორედ ჩავესის მხარდაჭერით ჩატარდა 2004 წელს ვენესუელის პირველი ელექტრონული არჩევნები Smartmatic-ის მოწყობილობებით. მოგვიანებით კომპანია გლობალურ ბაზარზე გავიდა, თუმცა 2017 წელს ვენესუელაში ოპერაციები შეწყვიტა — მიზეზად ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგების გაყალბება დაასახელა.
Smartmatic დღეს ლონდონში რეგისტრირებული ჰოლდინგის ნაწილია, ხოლო მისი იურიდიული მისამართი ფლორიდაშია, სადაც ბრალდება ოფიციალურად წარადგინეს.
შეგახსენებთ, რომ Smartmatic-ის მოწყობილობებით 2024 წელს საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმაც დიდი კრიტიკა გამოიწვია.