უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გერმანიას თანაგრძნობა გამოუცხადა საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც, სულ მცირე, ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორბანმა აღნიშნა, რომ ეს და მსგავსი თავდასხმები დაკავშირებულია მიგრაციასთან.

ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ხედავს კავშირს ევროპაში მომხდარ თავდასხმებსა და მის საზღვრებს გარედან მიგრაციას შორის, განსაკუთრებით 2015 წლის მიგრაციული კრიზისის შემდეგ. მისივე თქმით, მიგრაციიდან მომდინარე საფრთხე უზარმაზარი და მუდმივია.

„ასეთი რამ ადრე არ ხდებოდა, მაგრამ ახლა ხდება. უნგრეთს, იმის გამო, რომ არ სურს მაგდებურგში მომხდარის მსგავსი მოვლენები, დღეში მილიონი ევროთი აჯარიმებენ საზღვრების დაცვის გამო, რადგან ჩვენ არ ვუშვებთ მიგრანტებს უნგრეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ორბანმა.

ვიქტორ ორბანი არაერთხელ დაპირისპირებია ევროკავშირს კანონის უზენაესობის, მიგრაციისა და ლგბტ უფლებების საკითხებზე. იგი ხშირად წარმოაჩენს თავს უნგრეთის კულტურული იდენტობის დამცველად მუსლიმური იმიგრაციის წინააღმდეგ და ქრისტიანული ღირებულებების დამცველად დასავლური ლიბერალიზმის წინააღმდეგ.

ცნობისთვის,  საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა. მომხდარის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი პირი, ხოლო 68 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 15 მძიმედაა.

მაგდებურგში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გერმანიაში საშობაო ბაზრობებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.