„ბოტასები და ქურთუკები გახადეს ხალხს და ბეჭდები წაართვეს თითებიდან, ამიტომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს იყო რაიმე საპოლიციო ღონისძიება, ეს იყო ძარცვა”, – იურისტები ამბობენ, რომ აქციაზე დაკავებულთა უმეტესობა გაძარცვეს.

გია ჯვარშეიშვილი ბესიკის ქუჩის დასაწყისში იმ ადგილს გვაჩვენებს, სადაც 1-ელ დეკემბერს, გამთენიისას, შავნიღბიანებმა დააკავეს და სასტიკად სცემეს.

„უკვე ორი კვირა გავიდა, დავდივარ, მაგრამ ცოტა მიჭირს – ხელი მაწუხებს… მე რა მიჭირს? ისეთი ნაცემი იყო ხალხი… ესეც მომაძახეს: გაგიმართლა, რომ ნეკნი მოგტყდა, თორემ მეტი მოგხვდებოდაო”, – ამბობს ჯვარშეიშვილი.

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, 19 დეკემბერს, სასამართლომ ჯვარშეიშვილს 2000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. დემონსტრანტი პოლიციელების მიერ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებას იხსენებს.

„თქვეს, მაგალითად, რომ დამაკავეს და გამიშვეს ქაშვეთთან, მაშინ, როცა რეალურად ბესიკის ქუჩაზე ვიყავით, პირდაპირ ეთერში იყო ეს კადრები. საერთოდ არ მინახავს ეს ადამიანები, არადა, ისე გამოიყვანეს, თითქოს რაღაც დავაშავე, დამიჭირეს და გამომიშვეს 15-20 წუთში. ზუსტად ამდენი დრო დასჭირდათ, რომ მოეტეხათ ნეკნები. როგორც კი მანქანაში შემაგდეს, სანამ ძლიერად მცემდნენ, მანამდე ამომიღეს ჯიბიდან როგორც მობილური ტელეფონი, ასევე საფულე. არც კი გამჩხრიკეს, პირდაპირ რაღაც მომპარეს. ზურგჩანთაც წაღებული აქვთ, საფულე, ფული… საბანკო ბარათები არ არის გამოყენებული, გადავამოწმე…

ჩემი ტელეფონი იძებნებოდა (ადგილმდებარეობის დადგენის შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით), შესაბამის ორგანოებს მივმართეთ და მტკიცებულებებიც დავურთეთ – ადგილმდებარეობად ჩანდა გდდ-ს შენობა ქიზიყის ქუჩაზე… ძარცვაა კი, ჩვეულებრივი ძარცვა. აბა როგორ უნდა შევაფასო? არც რაიმე ოქმი შეუდგენია და საერთოდ, პოლიციური მოქმედება არ ჩატარებულა”, – ამბობს გია ჯვარშეიშვილი.

ჩვენი რესპონდენტი არ არის აქციის ერთადერთი მონაწილე, რომელიც დაკავებისას პირადი ნივთების ჩამორთმევაზე ჰყვება. სხვადასხვა წყაროთი უკვე გავრცელდა ათეულობით დემონსტრანტის ინტერვიუ, რომელშიც ისინი გადატანილი ძალადობის პარალელურად, შავნიღბიანების მიერ მათი ძარცვის შესახებ ჰყვებიან.

ამ თემაზე 20 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება, უწყებამ ეს ინფორმაცია ცრუ ბრალდებად შეაფასა.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე და მხოლოდ უწყებისა და სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი გამოცდილება აქვს 3 დეკემბერს დაკავებულ მთარგმნელ დათა ხარაიშვილს, რომელმაც სახის ძვლების მოტეხილობითა და ტვინის შერყევით რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა. დაკარგულ ნივთებს შორისაა მისი ტელეფონი, მანქანის გასაღები და საათი, რომლებიც, როგორც იხსენებს, დაკავებისას ნიღბიანმა მოხსნა.

„თვითონ სპეცრაზმელმა წამართვა ტელეფონი და წამართვა საათი, იმ მომენტში როცა მივყავდი დაკავების იმ ცნობილ „მარშრუტკამდე”, ქურთუკის ჯიბეში მედო მანქანის გასაღები და ეს ქურთუკი მთლიანად შემომახიეს. კრიმპოლის იმ თანამშრომელმა, რომელიც მოგვიანებით აფორმებდა ჩემს დაკავებას, მითხრა: ჩემამდე არაფერი მოსულა და რაც ახლა თან გაქვს, მარტო ეგ ნივთები შემიძლია აღვწეროო. აღარაფერი მქონდა თან იმ მომენტში, ფეხსაცმლის თასმის გარდა, ქურთუკიც კი აღარ მეცვა. პალატაში ვისთან ერთადაც ვიყავი (იქ იყო 5 ადამიანი ასევე ნაცემი) ყველას ყველაფერი ჩამოართვეს, არავის არცერთი პირადი ნივთი არ მიჰყოლია არათუ საავადმყოფომდე, არამედ დაკავების ფორმალურ ნაწილამდეც კი. არაფორმალური ნაწილი იყო ძარცვა და ცემა”, – ამბობს ხარაიშვილი.

როგორც დემონსტრანტი გვიყვება, დაკარგული ნივთების თაობაზე მან 112-შიც დარეკა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც განაცხადა, თუმცა ამას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.

„არ გამიკვირდება, ახლა სადმე ლომბარდში რომ იყოს ჩემი ტელეფონი, ისიც მეეჭვება, რომ გამოძიებისთვის გამოიყენონ… ტელეფონის დაბრუნებას კიდევ არ გამოვრიცხავ იმიტომ, რომ „აიქლაუდით” შესაძლებელია მოძებნა. ამიტომ შეიძლება მოერიდონ მოპარვას, მაგრამ სხვა ნივთები გამორიცხულია, რომ დააბრუნონ. ჩვეულებრივი მაროდიორები იყვნენ, პოლიციელებიც კი არ ყოფილან”, – ამბობს დათა ხარაიშვილი.

დაზარალებულებს შორის არიან გამოცემა „პუბლიკის” ჟურნალისტები, ერთ-ერთი დაშავებული რეპორტიორი კი ამ დრომდე მკურნალობს.

„აკავებ მაშინ, როდესაც რაღაცას აშავებს და გადაგყავს იზოლატორში. ლექსო უბრალოდ დაიჭირეს და სცემეს. მას დასჭირდა ქირურგიული ოპერაცია… თან ჰქონდა ტექნიკა, ლინზები, ზურგჩანთა, ზედ რაც ჰქონდა ჩამოკიდებული, ის მოხსნეს, წაართვეს – ორი ფოტოაპარატი და ლინზა. თითოეული მათგანის ღირებულება რამდენიმე ათასს აღემატება. გარდა ამისა, ჩვენს კიდევ ერთ ჟურნალისტს ტელეფონი წაართვეს და წაიღეს. ასევე ორ ჟურნალისტთან იყო შემთხვევა, როდესაც სცადეს წართმევა, გამოგლიჯეს ხელიდან, მაგრამ ჩვენმა ჟურნალისტებმა უკან წაართვეს ეს ტელეფონები.

ნაძარცვი, რაც წაიღეს ნიღბიანებმა, ვცდილობდი გამერკვია მათი ასავალ-დასავალი, მაგრამ უშედეგოდ… ვარკვევთ, ვარკვევთ – მხოლოდ ეს არის პასუხი. არავის არაფერი გაურკვევია, სამი კვირა გავიდა და თუ დაბრუნებას აპირებდნენ, მოახერხებდნენ. ბოტასები და ქურთუკები გახადეს ხალხს და ბეჭდები წაართვეს თითებიდან, ამიტომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს იყო რაიმე საპოლიციო ღონისძიება, ეს იყო ძარცვა!” – ამბობს ზურა ვარდიაშვილი, „პუბლიკის” გენერალური დირექტორი.

„რაც პოლიციის განყოფილებაში თან ჰქონდათ, ეს ნივთები დაუბრუნეს, რაც შავფორმიანებმა წაიღეს, წაართვეს თუ მოჰპარეს – ისინი აღარ არსებობს, სამართლებრივად ეს ნივთები არ არის აღრიცხული არცერთ დოკუმენტში. როდესაც მივმართეთ შსს-ს ამ ნივთების დაბრუნების შესახებ, არავითარი შედეგები არ მიგვიღია. გარდა ტექნიკისა და ფულისა, წაღებულია ისეთი ნივთები, როგორებიცაა ქორწინების ბეჭედი, ჯვარი, ქურთუკი, ფეხსაცმელი. ჩანთები გაჩხრიკეს. ეს ქურთუკი რა კარგია! ეს ფეხსაცმელი მე მინდა! – ასეთი კომენტარებით ჩამოართვეს, შესაბამისად, ეს რაიმე სამართლებრივ მოცემულობაში, გარდა კრიმინალურისა, ვერ ჩაჯდება. თუ ეს გამოძიებისთვის მოხდა, მაშინ შესაბამისი აქტები უნდა არსებობდეს და სტატუსი უნდა ჰქონდეს ამ ნივთებს მინიჭებული. ისინი უბრალოდ სისტემიდან ვერ უნდა გაქრეს”, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი, დაზარალებულების ადვოკატი თეო ზაქარაშვილი.

„ადმინისტრაციულ პროცესებზე დაკავების ოქმშიც იყო აღნიშნული პატრულის მიერ, რომ დაკავებულს არ ჰქონდა პირადი ნივთები. როგორ წარმოგიდგენიათ, 21-ე საუკუნეში რომ ადამიანს არ ჰქონდა მობილური ტელეფონი ან დამტენი? – არავითარი პირადი ნივთი. დაკავებისთანავე ე.წ. დაკავების ფურგონში, სადაც ფიზიკურად ძალადობდნენ, ამ ძალადობის კვალდაკვალ შემიძლია, პირობითად ვთქვა, რომ შემთხვევების 95 პროცენტში, ჩანთებს ხსნიდნენ, ართმევდნენ, მობილურები წაართვეს, ქორწინების ოქროს ბეჭდის მოპარვის შემთხვევაც კი იყო. ასევე, იყო შემთხვევა, როცა ქურთუკი და ფეხსაცმელი გახადეს ადამიანს, ეს პირი იზოლატორსა და კლინიკაშიც კი ფეხშიშველი შევიდა… ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც აკავებდნენ ნიღბიანი სპეცრაზმელები, გამოვლინდა მაროდიორობის შემთხვევები”, – ამბობს დაკავებულების ადვოკატი, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” იურისტი ანა გახოკიძე.

როგორც ადვოკატები ამბობენ, არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ამჟამად დემონსტრანტების დაკავებისას მომხდარი ძარცვის შემთხვევების აღწერასა და აღრიცხვაზე მუშაობს. იმ პირების ზუსტ რაოდენობას, ვინც დაკავებისას პირადი ნივთების გარეშე დარჩა, უფლებადამცველები უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ.

წყარო: euronews georgia