წელს, 11 თვეში, დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო, 910 868 ლარის ჯარიმა დაიწერა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) დოკუმენტშია საუბარი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, წელს, მხოლოდ ნოემბერში აღნიშნული ჯარიმებიდან ბიუჯეტში 184 795 ლარი შევიდა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, კერძოდ, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს.

თუმცა, რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე.

ამასთან, აკრძალვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.

რეგულაციის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.

მერიის მიერ შემუშავებული გეგმით, დიდი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება, შემდეგ მისამართებზე: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარედ.

წყარო: bpn.ge