შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამერიკელი სპეცდანიშნულების რაზმის სამხედრო ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ დაგეგმილი საიდუმლო ოპერაციის შესახებ ინფორმაციის გამოყენებით, ასობით ათასი დოლარის მოგებას ცდილობდა.

გამოძიების ვერსიით, მასტერ-სერჟანტმა განონ კენ ვან-დაიკმა წინასწარ იცოდა 3 იანვარს დაგეგმილი რეიდის დრო და დეტალები. სწორედ ამ არასაჯარო მონაცემებზე დაყრდნობით მან ფსონები განათავსა და ფინანსური სარგებელიც მიიღო.

დოკუმენტების მიხედვით, ვან დაიკმა დაახლოებით 33,000 დოლარით 13 ფსონი გააკეთა და თითქმის 410,000 დოლარის წმინდა მოგება მიიღო. მოგვიანებით, თანხის დიდი ნაწილი უცხოურ კრიპტოვალუტის საცავში გადარიცხა, შემდეგ კი ახლად შექმნილ საბროკერო ანგარიშზე განათავსა.

საქმე პრეცედენტულად ფასდება- ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-მა გამოიყენა 2010 წლის კანონი, რომელიც კრძალავს ვაჭრობას მოპარული ან მითვისებული არასაჯარო სამთავრობო ინფორმაციის საფუძველზე.

38 წლის სამხედროს, რომელსაც გაუთქმელობის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, ბრალად ედება ელექტრონული თაღლითობა და უკანონო ფულადი ტრანზაქციები. მას ჯამში 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საგულისხმოა, რომ საეჭვო აქტივობა თავად პლატფორმა Polymarket-მა გამოავლინა და ინფორმაცია სამართალდამცველებს გადასცა. კომპანიის განცხადებით, „ინსაიდერული ვაჭრობა პლატფორმაზე აკრძალულია და ეს შემთხვევა სისტემის ეფექტიანობის დასტურია.“