2026 წლის პირველ ნახევარში ქალაქ მადრიდში საერთაშორისო ტურისტების დანახარჯებმა რეკორდულ €10.007 მილიარდს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.4%-ით მეტია. 2025 წლის პირველ ექვს თვეში ეს მაჩვენებელი €8.980 მილიარდს შეადგენდა. მონაცემებს მადრიდის მერია ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის, INE-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იანვარ-ივნისში ესპანეთის დედაქალაქმა 5 660 098 ვიზიტორს უმასპინძლა, რაც წლიურად 4.1%-იანი ზრდაა. მათგან 3 340 259 საერთაშორისო მოგზაური იყო, 6.4%-ით მეტი, ვიდრე ერთი წლით ადრე. უცხოელებზე ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 59% მოდიოდა.

ამავე პერიოდში ქალაქში თითქმის 12 მილიონი, ზუსტად 11 961 895 ღამისთევა დაფიქსირდა, რაც წლიურად 3%-იანი ზრდაა. საერთაშორისო ტურისტებზე ღამისთევების 66% მოდიოდა, ხოლო მათი საშუალო ყოფნის ხანგრძლივობა 2.38 ღამე იყო.

მადრიდისთვის საერთაშორისო ტურიზმის მთავარი ბაზარი კვლავ აშშ-ია. წლის პირველ ნახევარში ქალაქს 567 158 ამერიკელი ტურისტი ეწვია, 7.6%-ით მეტი, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. შემდეგ ადგილებზე იტალია და გაერთიანებული სამეფო არიან. ყველაზე სწრაფი ზრდა ბრაზილიის ბაზარზე დაფიქსირდა, საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა და 93 959-ს მიაღწია.

ტურიზმის სექტორის ზრდა სასტუმროების ბაზარზეც აისახა. პირველი ნახევრის ბოლოს ქალაქში 920 განთავსების ობიექტი ფუნქციონირებდა, ხოლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 5.4%-ით, 15 249-მდე გაიზარდა.

წყაროები:


https://www.madrid.es/portales/munimadrid/es/Inicio/Actualidad/Noticias/Madrid-supera-los-10-000-millones-de-euros-de-gasto-turistico-internacional-en-el-primer-semestre-de-2026/


https://diario.madrid.es/blog/notas-de-prensa/madrid-supera-los-10-000-millones-de-euros-de-gasto-turistico-internacional-en-el-primer-semestre-de-2026/


https://www.euronews.com/business/2026/08/03/madrid-breaks-tourism-record-tops-10-billion-in-international-spending-in-six-months


https://www.ine.es/dyngs/INEbase/en/operacion.htm?c=Estadistica_C&cid=1254736177002&idp=1254735576863&menu=ultiDatos