უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტია „ტისამ“ ერთ-ერთ მიზნად ქვეყნის ევროზონაში გასაწევრიანებლად მზადება დაისახა და სასურველ თარიღად 2030 წელი დაასახელა.

ამის შესახებ „ტისას“ ფინანსური საკითხების ოფიცერმა, ანდრაშ კარმანმა განაცხადა, რასაც Telex ავრცელებს.

კარმანის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე „ტისა“ ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას შეაფასებს და კონსულტაციებს გამართავს, რის შემდეგაც ისინი ევროზონაში გაწევრიანების სამიზნე თარიღს დაადგენენ.

„ამისთვის პირობები შესაძლოა, 2030 წლისთვის შეიქმნას, თუმცა, უფრო ხელსაყრელი სცენარით, ეს კიდევ უფრო ადრე შეიძლება, მოხდეს,“ - ამბობს ანდრაშ კარმანი.

ის ერთ-ერთ ფაქტორად ფასების სტაბილურობას ასახელებს, რისი მიღწევაც „ტისას“ სამთავრობო რეგულირებით არ სურს, რადგან ეს „ნორმალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება.“

დღეს ევროკომისიის დელეგაცია ბუდაპეშტში ჩავა, რომ „ტისას“ წარმომადგენლებთან ერთად უნგრეთისთვის ევროპული სახსრების გამოყოფის პირობები განიხილოს. სხვა საკითხებთან ერთად ისინი უკრაინისთვის გადასაცემ ევროკავშირის 90 მლრდ ევროს სესხს განიხილავენ, რომელიც ვიქტორ ორბანის ვეტოს გამო დღემდე დაბლოკილია.

ცნობისთვის: ბულგარეთი ბოლო ქვეყანაა, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვარს ევროზონას ჯერ ეროვნულ ვალუტა ლევთან ერთად შეუერთდა, ხოლო 1 თებერვლიდან ანგარიშსწორება საბოლოოდ ევროზე გადავიდა.

ევროზონა ევროკავშირის ფულადი გაერთიანებაა, რომელიც ამჟამად ბლოკის 21 ქვეყანას აერთიანებს. მათი ოფიციალური ვალუტა ევროა. ევროპის სავალუტო კავშირმა ფუნქციონირება 1999 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო, როცა ერთიანი ევროპული ვალუტა, ევრო უნაღდო მიმოქცევაში შევიდა.

www.bpn.ge