რუსულმა ნავთობგიგანტმა Lukoil-მა 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში უცხოური აქტივების დაკარგვით გამოწვეული ზარალი $18.1 მილიარდ დოლარად, ანუ 1.667 ტრილიონ რუბლად შეაფასა.
Lukoil International-ის ჯგუფზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ, მასში განხორციელებული ინვესტიციები სრულად ჩამოიწერა.
საქმე ისაა, რომ აქტივების მასშტაბურმა დევალვაციამ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე უმძიმესი გავლენა იქონია: Lukoil-ის წმინდა ზარალმა 2025 წელს 1.059 ტრილიონი რუბლი ($11.5 მლრდ.) შეადგინა. შედარებისთვის, უწყვეტი ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება 96.6 მილიარდ რუბლამდე ($1.05 მლრდ.) შემცირდა, რაც მკვეთრად ჩამორჩება 2024 წლის მაჩვენებელს, 794.4 მლრდ. რუბლს. პარალელურად, განახევრდა საოპერაციო მოგებაც და მან 526.6 მილიარდი რუბლი ($5.7 მლრდ.) შეადგინა.
შეგახსენებთ, კრიზისი გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ კომპანიისთვის სანქციების დადებით დაიწყო, რის გამოც Lukoil-მა უცხოური აქტივები გაყიდა. კრემლი დაწესებულ სანქციებს დღემდე უკანონოდ მიიჩნევს.