მიწოდების კრიზისის შესამსუბუქებლად და ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ომის გამო მკვეთრად გაზრდილი ნავთობის ფასების დასასტაბილურებლად, ტრამპის ადმინისტრაციამ ზღვაში მყოფ ირანულ ნავთობზე სანქციები 30 დღით მოხსნა.

აშშ-ის ფინანსთა მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს გამონაკლისი გლობალურ ბაზარზე დაახლოებით 140 მილიონ ბარელ ნავთობს გამოიტანს და ენერგომომარაგებაზე წნეხს შეამსუბუქებს.

ეს ნაბიჯი თეთრი სახლის შეშფოთებაზე მიუთითებს - ნავთობის ფასის დაახლოებით 50%-იანი ზრდა (ბარელზე 100 დოლარზე მეტი, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია) აშშ-ის ბიზნესსა და მომხმარებლებზე უარყოფითად აისახება. ეს განსაკუთრებით პრობლემურია ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ, სადაც რესპუბლიკელები კონგრესზე კონტროლის შენარჩუნებას იმედოვნებენ.

თუმცა, ბესენტის მიერ სანქციების მოხსნის იდეის გაჟღერებამ გააჩინა შიში, რომ ამან შესაძლოა, ირანის საომარ ძალისხმევას შეუწყოს ხელი.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა ორი კვირის განმავლობაში, როდესაც აშშ სანქციებს დროებით აჩერებს.

მანამდე ადმინისტრაციამ რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა, პარასკევს კი (აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ლიცენზიის თანახმად) გასცა გენერალური ლიცენზია, რომელიც 19 აპრილამდე გემებზე უკვე დატვირთული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვას უშვებს.

"მსოფლიოსთვის ამ არსებული მარაგის დროებით განბლოკვით, შეერთებული შტატები გლობალურ ბაზრებზე სწრაფად გამოიტანს დაახლოებით 140 მილიონ ბარელ ნავთობს, რაც გაზრდის მსოფლიო ენერგიის მოცულობას და დაეხმარება ირანის მიერ გამოწვეული მიწოდების დროებითი წნეხის შემსუბუქებას", - დაწერა ბესენტმა სოციალურ ქსელ X-ში.

ფინანსთა დეპარტამენტის ვებგვერდზე საბირჟო საათების შემდეგ გამოქვეყნებული ლიცენზიის თანახმად, ირანული ნავთობი შესაძლოა აშშ-შიც შევიდეს, თუ ეს მისი გაყიდვის ან მიწოდების დასასრულებლად აუცილებელია.

შეგახსენებთ, რომ 1979 წლის რევოლუციის შემდეგ დაწესებული ზომების გამო, აშშ-ს ირანული ნავთობის მნიშვნელოვანი იმპორტი არ განუხორციელებია.

მოსალოდნელია, რომ ეს ნაბიჯი სარგებელს მოუტანს ჩინეთს, რომელიც ირანული ნავთობის მთავარი მყიდველია. აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის, კრის რაიტის თქმით, მარაგი აზიაში შესაძლოა სამ-ოთხ დღეში ჩავიდეს და გადამუშავების შემდეგ, მომდევნო თვე-ნახევარში ბაზარზე მოხვდეს.

პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ იაპონურ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ თეირანმა ტოკიოსთან დაიწყო მოლაპარაკებები ჰორმუზის სრუტის შესაძლო გახსნაზე, იაპონიასთან დაკავშირებული გემების გასატარებლად.

იაპონია ნავთობის მიწოდების დაახლოებით 95%-ით ახლო აღმოსავლეთზეა დამოკიდებული და მარაგის დაახლოებით 90%-ს სრუტის გავლით იღებს. ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, იაპონია იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, ნავთობი საკუთარი რეზერვებიდან გამოეტანათ.

bm.ge