პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღაზიების ქსელ „მერე“-ს მფლობელები უკრაინაში რუსეთის აგრესიის არაპირდაპირი მხარდაჭერისთვის დაასანქცირა. ლატვიაში კი „მერე“-ს მაღაზიები წარმატებით ფუნქციონირებს და მათი მფლობელები აქ ახალ მაღაზიებს ხსნიან. ეს ინფორმაცია 9 მაისს „ლატვიის რადიომ“ გაავრცელა.

ამჟამად ლატვიაში „მერე“-ს 11 მაღაზიაა - რიგაში, ოგრეში, ტუკუმსსა და ლიეპაიაში, სადაც ერთ-ერთი მაღაზია ბოლო პერიოდში გაიხსნა. ეს დაბალფასიანი მაღაზიები ლატვიაში ოთხი წლის წინ, მარტში დაფუძნდა და მათ კომპანია „ლატპროდუქტი“ მართავს.

გასული წლის ფინანსური მაჩვენებლები ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, 2023 წელს კი „ლატპროდუქტის“ სავაჭრო ბრუნვამ 20.6 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 89%-ით მეტია, 2022 წელთან შედარებით, ხოლო კომპანიის მოგება რამდენჯერმე გაიზარდა და 700 000 ევროს გადააჭარბა. ასე რომ, ეს კომპანია საკმაოდ წარმატებულია.

„ლატპროდუქტის“ წილის 61 პროცენტი რუსეთის მოქალაქე სერგეი შნაიდერს ეკუთვნის. კომპანიის თანამფლობელები ასევე არიან მისი ძმა, ანდრეი შნაიდერი (12%) და რამდენიმე სხვა პირი.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს მაღაზიები, ძირითადად, რუსული და ბელარუსული საქონლით ვაჭრობდნენ, დღეს ამ ორი ქვეყნის პროდუქციას დახლებზე უფრო ნაკლებად შეხვდებით, თუმცა მაინც საკმარისად არის წარმოდგენილი.

„ლატვიის“ რადიომ დაადგინა, რომ რიგაში მდებარე „მერე“-ს ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდება რუსული რეზინის ჩექმები, ორაგულის ქვირითი, შავი ხიზილალა, ბელარუსული სიროფები, სიმინდის ფანტელები, საუზმის მარცვლეული, სამაგიდო თამაშები და სხვა საქონელი.

„ლურსოფტის“ გამგეობის წევრმა, აინარს ბრუველისმა განაცხადა, რომ კომპანიისთვის არსებობს როგორც იურიდიული, ასევე მორალური რისკები. დადებითი მხარე კი ის არის, რომ „ლატპროდუქტმა“ ნულიდან დაიწყო და 20 მილიონ ევროზე მეტ ბრუნვასა და მნიშვნელოვანი მოგებაზე გასვლა რამდენიმე წელიწადში შეძლო, ამასთან სახელმწიფო ბიუჯეტში 4 მილიონი ევრო გადაიხადა. თუმცა, საჭიროა ვიცოდეთ, რომ ეს არის წმინდა რუსული კომპანია და მოგება, რომელიც მას ლატვიიდან გააქვს, რუსეთის მოქალაქეებთან მიდის და მათ ჯიბეებში ილექება. შეშფოთებას იწვევს საქონლის წარმომავლობაც.

„შესაძლოა, ეს საქონელი... „სისხლის წვეთებია“. რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი. შესაძლებელია, რომ ზოგიერთი პროდუქტის დასამზადებლად უკრაინიდან მოპარულ მასალებს იყენებენ. ამიტომ, მორალური თვალსაზრისით, ეს ძალიან უარყოფითი მომენტია“, - აღნიშნა ბრუველისმა.

არანაკლებ საგულისხმოა იურიდიული ასპექტი, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ლატვიისთვის პოლონეთთან ან რუსეთთან თანამშრომლობა.

„თუ, მაღაზიათა ამ ქსელს ვინმე ადგილობრივ პროდუქტებს აწვდის, მათ უნდა შეაფასონ, კარგავენ თუ არა ამით პოლონეთისთვის იმავე პროდუქტების შეთავაზების შესაძლებლობას იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთის მიერ სანქციების სიაში შეყვანილ კომპანიასთან თანამშრომლობენ“, - განაცხადა „ლურსოფტის“ წარმომადგენელმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, დიანა ეგლიტე ამბობს, რომ მისი უწყება უფრო ყურადღებით შეისწავლის პოლონეთის გადაწყვეტილების დასაბუთებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ზომებს მიიღებს.

მანვე დასძინა, რომ რუსეთის ომის მხარდამჭერების წინააღმდეგ სანქციების მომზადების წინადადებები რეგულარულად და უწყვეტად შემოდის. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ახლახან დაიწყო დისკუსიები სანქციების მე-17 რაუნდის შესახებ.

ეგლიტეს თქმით, რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვებს ლატვია ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად აწესებს, რაც სანქციების აღსრულების ყველაზე ეფექტური გზაა, რადგან მათი შესრულება ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის სავალდებულოა.

წყარო: 1tv.ge