პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 9 მაისს ქალაქ ნანსიში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას უსაფრთხოების, ენერგეტიკის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში.
როგორც ხელშეკრულების შესახებ საუბრისას ემანუელ მაკრონმა განაცხადა, ევროპამ გაიაზრა, რომ რუსეთი ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს და ეს შეთანხმება, არსებული კრიზისების საფუძველზე, კარს უხსნის ახალ ევროპულ სოლიდარობას.
„ალბათ ჩვენ რუსეთს არ განვიხილავდით, როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს ჩვენთვის, ბოლო წლებში ეს გავიაზრეთ და ალბათ ისევ გვჯერა, რომ ამერიკული გარანტიები შეინარჩუნებდა თავის ღირებულებას ყველაფრისთვის ან უფრო ღირებული იყო, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნებისა. ჩვენ ნამდვილად ვერ დავამტკიცეთ საპირისპირო. ამ ხელშეკრულებით ჩვენ ვშლით ახალ ფურცელს, რომლის მეშვეობითაც ვაშენებთ შეუქცევად სოლიდარობას, ნდობას, რომელიც კრიზისების, განსაკუთრებით ბოლო წლების კრიზისების საფუძველზე შეიქმნა, და ვალდებულებას ჩვენი ხალხებისა და ევროპის წინაშე იმის დასაშვებად, რომ ბრესტიდან კრაკოვამდე ევროპა ერთად დგას“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთისა და პოლონეთის შეთანხმება პასუხია აშშ-ის მოწოდებებზე, რომ ევროპამ საკუთარი თავდაცვა უნდა გააძლიეროს.
„ჩვენ, ყველამ მოვისმინეთ ეს კომენტარები, მრავალჯერ გამეორებული ჩვენი ამერიკელი მოკავშირეების მიერ და ჩვენ პოლონეთში ამ სიტყვებს სერიოზულად ვუდგებით. და ისინი ნათელი იყო: „თქვენ უნდა გადაიარაღდეთ, თქვენ უნდა გახდეთ სულ უფრო თვითკმარი და მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ, დაეყრდნოთ აშშ-ის დახმარებას, თუ თქვენ წილს შეიტანთ თავდაცვის საკითხებში. ასე რომ, ეს მჭიდრო თანამშრომლობა საფრანგეთთან ჩემთვის ამ მოთხოვნის ნაწილია. დიახ, ევროპას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა“, – განაცხადა ტუსკმა.
ამასთან ერთად, შეთანხმების გაფორმების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ 10 მაისს კიევში ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრა გაიმართება. მაკრონის თქმით, ეს მოლაპარაკებები ნაწილობრივ ვირტუალურ ფორმატში შედგება. საფრანგეთის პრეზიდენტს არც დაუდასტურებია და არც უარუყვია კიევში ჩასვლის შესაძლებლობა.
ამასთანავე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში გაკიცხა ის ლიდერები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებებზე მოსკოვში იმყოფებოდნენ.
„მე ვცდილობ, არ გავაკეთო კომენტარი სახელმწიფოთა ლიდერების გადაწყვეტილებებსა და ქცევებზე, განსაკუთრებით ჩვენი თანამეგობრობიდან. მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე ყოფნა და პრეზიდენტ პუტინისთვის ტაშის დაკვრა, რომელიც საუბრობს „უკრაინის ნაციზმისგან გაწმენდაზე“, სირცხვილია ყველასთვის, ვინც იქ იმყოფება“, – განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთსა და საფრანგეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჩაანაცვლებს ვარშავასა და პარიზს შორის 1991 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას, რომელიც მოძველებულად ითვლება, რადგან მომდევნო წლებში პოლონეთი ევროკავშირში გაწევრიანდა.
როგორც ფრანგული მედია წერს, ეს არის პირველი ამ ტიპის ხელშეკრულება, რომელიც საფრანგეთმა არამეზობელ ქვეყანასთან გააფორმა, რაც პარიზსა და ვარშავას შორის ურთიერთობების ხარისხის გაზრდაზე მიუთითებს.
წყარო: 1 არხი