ტრამპს ვესაუბრეთ, 12 მაისიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთი შეხედულება გვაქვს, რუსეთის პასუხს ველოდებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში “მსურველთა კოალიციის” სამიტის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„კიევში სამიტის დასრულების შემდეგ ყველამ აშშ-ის პრეზიდენტთან ვილაპარაკეთ. კარგი საუბარი იყო - პოზიტიური და კონკრეტული. მადლობელი ვარ პრეზიდენტი ტრამპის.

საერთო შეხედულებას ვიზიარებთ: დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა მინიმუმ 30 დღით. წინადადებით გამოვდივართ, ის ორშაბათს, 12 მაისს დაიწყოს. რუსეთის პასუხს ველოდებით.

წინადადება მაგიდაზე იყო საუდის არაბეთში საუბრების დაწყებიდანვე, როდესაც ის პირველად შეერთებულმა შტატებმა წამოწია წინ. მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება, საუკეთესო მომენტი იქნება დიპლომატიისთვის. უკრაინა მზად არის შეხვედრებისთვისა და მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში“, - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, ტელეფონით ისაუბრეს  ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის საკითხზე.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში იმყოფებიან. კიევში ვიზიტის ფარგლებში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართა, ხოლო შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.

"მაკრონი, მერცი, სტარმერი და ტუსკი კიევში მშვიდობის საკითხის განხილვას აპირებდნენ, ნაცვლად ამისა, რუსეთს ემუქრებიან - ეს სამშვიდობო გეგმები უკან გაიკეთეთ", - ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინაში გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების ვიზიტს.

ipn.ge