ლატარიის მონაწილეები რიცხვებს შემთხვევით ყოველთვის არ ირჩევენ. ზოგიერთი მათგანი უპირატესობას კონკრეტულ ციფრებსა და კომბინაციებს ანიჭებს, მათ შორის მარტივ რიცხვებს. თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, ასეთი არჩევანი შესაძლოა ფინანსურად წამგებიანი აღმოჩნდეს. პატრიკ როჟესა და ტრისტან როჟეს კვლევა „Primes Do Not Pay“, რომელიც 2026 წლის 22 ივლისს ჟურნალ Bulletin of Economic Research-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ მოთამაშეები ლატარიის ბილეთებში მარტივ რიცხვებს მოსალოდნელზე ხშირად იყენებენ, რაც მათი შესაძლო მოგების ოდენობას ამცირებს.

მკვლევრებმა ბელგიის ეროვნული ლატარიის 10 წლის მონაცემები შეისწავლეს და რიცხვების პოპულარობის შესაფასებლად სამი განსხვავებული მეთოდი გამოიყენეს. მათ ასევე გაითვალისწინეს სხვა ფაქტორები, მათ შორის დაბადების თარიღების მიხედვით რიცხვების არჩევისა და იღბლიანი ციფრების მიმართ არსებული უპირატესობა. შედეგებმა აჩვენა, რომ მარტივი რიცხვების არაპროპორციულად ხშირი არჩევა მოთამაშის საბოლოო შემოსავალზე უარყოფითად მოქმედებს.

ამის მიზეზი თავად ლატარიის პრინციპში უნდა ვეძებოთ. თუ გათამაშება შემთხვევითია, მარტივი რიცხვებისგან შემდგარ კომბინაციას გამარჯვების ზუსტად ისეთივე ალბათობა აქვს, როგორიც ნებისმიერ სხვა კომბინაციას. თუმცა, თუ პოპულარული რიცხვები ამოვიდა, გაცილებით მეტია ალბათობა, რომ იგივე კომბინაცია სხვა მონაწილეებსაც ექნებათ და მოგებული თანხის გაყოფა მოუწევთ. შესაბამისად, პრობლემა არა მოგების ალბათობაში, არამედ გამარჯვების შემთხვევაში მისაღები თანხის შემცირებაშია.

კვლევის ავტორებმა ძირითადი დასკვნა ორი დამოუკიდებელი გამოკითხვის მონაცემებითაც გადაამოწმეს. შედეგებმა კვლავ დაადასტურა, რომ მოთამაშეების მიერ გარკვეული რიცხვების უპირატესად არჩევა მათ პოტენციურ შემოსავალს ამცირებს. ამგვარად, ლატარიაში გამარჯვებისთვის არ არსებობს ისეთი რიცხვები, რომლებიც მათემატიკურად სხვებზე უფრო ხელსაყრელია, თუმცა არსებობს კომბინაციები, რომელთა არჩევაც შესაძლოა მოგების შემთხვევაში მიღებული თანხის გაზიარების რისკს ზრდიდეს.