ოქროსა და ვერცხლის ფასები ორშაბათს ბოლო 13 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. ძვირფასი ლითონების გაუფასურებას ხელს უწყობს აშშ დოლარის გამყარება, ინფლაციის მდგრადობა და ბაზარზე მზარდი მოლოდინი, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) მომდევნო თვეში საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის.

Forbes-ის ინფორმაციით, ორშაბათს, ნიუ-იორკის დროით 16:00 საათისთვის, ოქროს ფასი თითქმის 1%-ით, უნციაზე 3 856.10 დოლარამდე შემცირდა. დღის განმავლობაში მისი ღირებულება 3 835.20 დოლარამდეც დაეცა, რაც 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ვერცხლის ფასი კი 4.5%-ით, უნციაზე 46.94 დოლარამდე შემცირდა. დღის განმავლობაში ვერცხლი 46.46 დოლარამდეც გაიაფდა, რაც ასევე 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია.

Saxo Bank-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ფასების კლებას ინფლაციის მდგრადობა განაპირობებს, რაც აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდის მოლოდინს აძლიერებს. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის სექტორთან დაკავშირებული გაურკვევლობა ფინანსურ ბაზრებზე რისკების აღქმაზეც მოქმედებს.

FXCM-ის უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის, ნიკოს ძაბურასის განცხადებით, ბაზარი უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ელოდება, რაც დოლარს აძლიერებს და ოქროს ფასზე დამატებით ზეწოლას ახდენს. CME Group-ის FedWatch-ის ინსტრუმენტის მიხედვით, დეკემბერში განაკვეთის ზრდის ალბათობა 100%-ად ფასდება. ყველაზე მოსალოდნელი სცენარი 0.25 პროცენტული პუნქტით ზრდაა.