მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გუშინ საღამოს პრესკონფერენცია გამართა, სადაც კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

პერესის თქმით, იგი სამშაბათს, 9 ივნისს, ერთ-ერთი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ 150-მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს.

"მომავალ კვირას გავაკეთებ შეთავაზებას უდიდეს სუპერვარსკვლავზე. ის კრიშტიანო რონალდუს ტიპის სუპერვარსკვლავია. ხალხი ვერ დაიჯერებს.

თქვენ ვერასდროს გამოიცნობთ, რომელ სუპერვარსკვლავზე ვაპირებ ნადირობას. ეს არ არის ოლისე, არ არის ჰოლანდი, არ არის კეინი, არ არის დოკუ. ახლა სხვა არაფერს ვიტყვი. შევხვდებით მომავალ კვირას.

"მადრიდისტებო", მოემზადეთ მომავალი კვირისთვის! მოემზადეთ სამშაბათისთვის! მე არასოდეს გიცრუებთ იმედებს", - განაცხადა პერესმა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი პსჟ-ს ერთ-ერთ ფეხბურთელზე საუბრობდა. მისივე ცნობით, "რეალი" ბოლო პერიოდის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიას, ჟოაო ნევეშისა და ვიტინიას შეძენით ინტერესდებოდა.

"კვარას" და ვიტინიას პარიზელებთან ხელშეკრულება 2029 წლამდე, ნევეშს კი 2030 წლამდე აკავშირებს.

sportall.ge