დედამიწა კლიმატის საკითხში „უკან არ დაბრუნების წერტილთან“ უფრო ახლოსაა ვიდრე აქამდე ეგონათ. მეცნიერები ამ დასკვნამდე კლიმატის უკუკავშირის მარყუჟების და 16 კრიტიკული ელემენტის შესახებ უახლესი სამეცნიერო მონაცემების შეჯამების შემდეგ მივიდნენ. კვლევა ჟურნალ One Earth-შია გამოქვეყნებული.

„უკან არ დაბრუნების წერტილს“ იმ მომენტს უწოდებენ, რომლის შემდეგაც სწრაფი გლობალური დათბობის შეჩერება შეუძლებელი გახდება. ტემპერატურის უწყვეტი მატება იწვევს კლიმატის გარდამტეხი წერტილების ჯაჭვს, რის შემდეგაც უკუკავშირი მხოლოდ აჩქარებს ცვლილებებს. შედეგად, პლანეტა შეიძლება აღმოჩნდეს სათბურის ეფექტის მდგომარეობაში, რაც გაცილებით აღემატება გლობალური საზოგადოების მიერ დასახულ 2-3 გრადუსიან ტემპერატურის ზრდას.

კლიმატი იმდენად შეიცვლება, რომ ის აღარ დაემსგავსება ბოლო 11 ათასი წლის პირობებს, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო ადამიანური ცივილიზაციის განვითარებისთვის. უკვე დაფიქსირებული 1.3 გრადუსით მატება იწვევს ექსტრემალურ ამინდის მოვლენებს, რომლებიც გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე.

თუ გლობალური დათბობა 3-4 გრადუსს მიაღწევს, ეკონომიკა და სოციალური სისტემები დაკარგავენ ჩვეულ ფუნქციებს და პლანეტის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.

მკვლევრები საფრთხეს უკავშირებენ ძირითად კლიმატურ სისტემებში - ყინულოვანი საფარი, ზღვის ყინული, მუდმივი ყინული, ტროპიკული ტყეები და ოკეანის დინებები - სტაბილურობის დაკარგვას. ეს ელემენტები მონაწილეობენ უკუკავშირის მარყუჟებში, რომლებმაც შეიძლება მკვეთრად დააჩქარონ კლიმატის ცვლილება.

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე დღეს ბოლო 2 მილიონი წლის განმავლობაში მაქსიმუმს შეესაბამება, ტემპერატურა უკვე შედარებადია ბოლო 125 ათასი წლის ან უფრო მაღალ დონესთან.

თუმცა, მეცნიერებს არ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ გარდამტეხი წერტილი, რომლის შემდეგაც კლიმატის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება შეუძლებელი იქნება.

კაცობრიობის მთავარი ამოცანაა შეუქცევად კლიმატურ სცენარზე გადასვლის თავიდან აცილება, რომელშიც დედამიწა გადაიქცევა „სათბურად“ ტემპერატურის მუდმივი მატებით და ბუნებრივი სისტემების ცვლილებებით.

წყარო: snob.ru