ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მზარდმა მოთხოვნამ შესაძლოა მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკები საპროცენტო განაკვეთების გაზრდის აუცილებლობის წინაშე დააყენოს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიურ მოწყობილობებსა და პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა სამომხმარებლო ფასებზე ზეწოლას აძლიერებს. ინფლაციურ პროცესებს დამატებით ამწვავებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკიც. გეორგიევას შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ცენტრალურ ბანკებს რიგ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ უბიძგებს.
2026 წელს მსოფლიოში ინფლაციამ, სსფ-ის ხელმძღვანელის პროგნოზით, შესაძლოა 4.7%-ს მიაღწიოს. ამასთან, AI-ტექნოლოგიების სწრაფი დანერგვა რამდენიმე ქვეყანაში მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდასაც უწყობს ხელს. გეორგიევას განცხადებით, ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო აპარატურა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროდუქტები უკვე მსოფლიო საქონლით ვაჭრობის 10%-ზე მეტს შეადგენს და მათი წილი სწრაფად იზრდება.
გამოცემა წერს, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდა კი, თავის მხრივ, სესხების გაძვირებას ნიშნავს როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. შედეგად, კომპანიებს ინვესტიციების დაფინანსება გაუძვირდებათ, მოსახლეობას კი შესაძლოა იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების მომსახურებაზე მეტი თანხის გადახდა მოუწიოს. ამასთან, გეორგიევა მიიჩნევს, რომ ქვეყნებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ციფრული ინფრასტრუქტურისა და სამუშაო ძალის მომზადება უნდა დააჩქარონ.