თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით, ავარიული სახლების გამაგრების, ჩანაცვლებისა და გამოსყიდვის სამი პროგრამისთვის ჯამში 32 მლნ ლარია გათვალისწინებული.
აქედან 20 მლნ ლარი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე მოდის, 7 მლნ - ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე, ხოლო 5 მლნ ლარი - კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვაზე.
2026 წლის გეგმური ბიუჯეტით, ამ სამი პროგრამისთვის ჯამში 68.89 მლნ ლარია გათვალისწინებული. შესაბამისად, 2027 წლის პირველადი პროექტით, მათი დაფინანსება 53.5%-ით მცირდება.
ავარიული შენობების გამაგრება
„ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების გამაგრების“ პროგრამა (კოდი 02 02) არსებული ავარიული შენობების დემონტაჟს, აღდგენასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მისი მიზანია ავარიული საცხოვრებელი სახლების რაოდენობის შემცირება, შენობების ჩამოშლის საფრთხის თავიდან აცილება და მობინადრეთა უსაფრთხოების დაცვა.
2026 წელს პროგრამის გეგმური დაფინანსება 20.94 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო 2027 წლისთვის გათვალისწინებული 7 მლნ ლარი მასზე 66.6%-ით ნაკლებია. ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მომავალ წელს დაახლოებით 20 შენობა-ნაგებობის გამაგრება იგეგმება.
ავარიული სახლების ჩანაცვლება
„ავარიული სახლების ჩანაცვლების“ პროგრამა (კოდი 02 12), რომელიც 2022 წლიდან ხორციელდება, საბჭოთა პერიოდში აშენებული, ექსპლუატაციის ვადაგასული და ავარიული კორპუსების ახალი საცხოვრებელი შენობებით ეტაპობრივ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. მშენებლობის პერიოდში მოსახლეობა დროებით ქირით უზრუნველყოფილ საცხოვრებელში გადადის, ახალი კორპუსის დასრულების შემდეგ კი იმავე ადგილას შესაბამის გარემონტებულ ფართს იღებს.
2027 წელს პროგრამისთვის 20 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2026 წლის გეგმურ 37.95 მლნ ლარზე 47.3%-ით ნაკლებია. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს 7 კორპუსის მშენებლობის გაგრძელება იგეგმება.
განმარტებით ბარათში ასევე მითითებულია, რომ ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში სამგორის რაიონში ბინის ქირით უზრუნველყოფილია 130 ოჯახი, საბურთალოზე - 75, ხოლო ნაძალადევში - 6.
ავარიული სახლების გამოსყიდვა
თბილისის ბიუჯეტში ცალკე პროგრამად არის გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვა (კოდი 02 13). პროგრამა აღნიშნულ ზონაში ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვას და მათ ადგილას ახალი, მდგრადი შენობა-ნაგებობების განთავსებას ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.
მისი დაფინანსება 2026 წლის გეგმური 10 მლნ ლარიდან (2027 წლის პროექტით) 5 მლნ ლარამდე, ანუ 50%-ით მცირდება.
აღსანიშნავია, რომ საუბარია თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტზე, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის. შესაბამისად, განხილვის პროცესში პროგრამებისთვის გათვალისწინებული თანხები შესაძლოა, შეიცვალოს, მათ შორის გაიზარდოს.