ღვინის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოს 100 საუკეთესო ობიექტს შორის საქართველოდან ორი მარანი მოხვდა. საერთაშორისო რეიტინგის, The 50 Best Vineyards-ის 2026 წლის გაფართოებულ ჩამონათვალში „შატო მუხრანმა“ 55-ე ადგილი დაიკავა, კახეთში მდებარე „შუმი“ კი 70-ე პოზიციაზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ „შატო მუხრანმა“ გასული წლის შედეგი 20 პოზიციით გააუმჯობესა, ხოლო „შუმი“ რეიტინგში პირველად მოხვდა.

2026 წლის გლობალური რეიტინგის სათავეში გერმანიაში, რაინგაუს რეგიონში მდებარე Schloss Johannisberg მოექცა. მეორე ადგილი ესპანურმა Bodegas Ysios-მა დაიკავა, მესამე კი ჩილეს Montes-ს ერგო.

ჩამონათვალი 700-ზე მეტი ღვინისა და ტურიზმის ექსპერტის შეფასებებს ეფუძნება. ისინი ობიექტებს სტუმართმოყვარეობის, ატმოსფეროს, შეთავაზებული აქტივობებისა და ღვინის გამოცდილების მიხედვით აფასებენ.

მსოფლიოს 10 საუკეთესო ვენახი (2026 წელი):  

Schloss Johannisberg - რაინგაუ, გერმანია

Bodegas Ysios - რიოხა, ესპანეთი

Montes - კოლჩაგუას ველი, ჩილე

Maison Ruinart - შამპანი, საფრანგეთი

Creation - უოკერ-ბეი, სამხრეთ აფრიკა

Clos Apalta - კოლჩაგუას ველი, ჩილე

Klein Constantia - დასავლეთ კეიპი, სამხრეთ აფრიკა

Château Smith Haut Lafitte - ბორდო, საფრანგეთი

Château d’Yquem - ბორდო, საფრანგეთი

Durigutti Family Winemakers - მენდოსა, არგენტინა.