ამერიკული საბანკო გიგანტი JPMorgan Chase შესაძლოა მსოფლიოში პირველი ბანკი გახდეს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს,- ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ნიშნულის გადალახვა JPMorgan Chase-ს ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებთან დააახლოებს, როგორებიც არიან Tesla, Meta და Broadcom.

ბანკის აქციების ფასი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც 14 ივლისს კომპანიამ კვარტალური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. JPMorgan Chase-მა განაცხადა, რომ აშშ-ის ფინანსურ სექტორში ისტორიაში ყველაზე მაღალი მოგება დააფიქსირა.

ამ დროისთვის ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 919 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება კონკურენტების მაჩვენებლებს. JPMorgan-ის ღირებულება აღემატება Bank of America-ს, Citigroup-ისა და Wells Fargo-ს ერთობლივ საბაზრო კაპიტალიზაციას.

JPMorgan-ის აქციები წლების განმავლობაში დაკავშირებულია ე.წ. „ჯეიმის პრემიასთან“ (Jamie premium) — დამატებით საბაზრო ღირებულებასთან, რომელსაც ინვესტორები ბანკს მისი ხელმძღვანელის, ჯეიმი დაიმონის, რეპუტაციისა და ეფექტიანი მენეჯმენტის გამო ანიჭებენ. დაიმონი ბანკს უკვე ორი ათწლეულია ხელმძღვანელობს.

„ეჭვგარეშეა, რომ სწორედ მან ითამაშა მთავარი როლი აქციონერებისთვის მაღალი შემოსავლიანობის უზრუნველყოფაში. მიუხედავად იმისა, რომ ამაში აშშ-ის ხელსაყრელმა მაკროეკონომიკურმა გარემომაც შეიტანა წვლილი, ბანკი უკიდურესად კონკურენტულ ბაზრებზე მუშაობს, ამიტომ გადამწყვეტი ფაქტორი შესრულების ხარისხი გახდა“, — განაცხადა ფონდის Gabelli Financial Services Opportunities ETF-ის პორტფელის მმართველმა მაკრეი საიკსმა.