კომპანია Johnson & Johnson-მა განაცხადა, რომ დაახლოებით 5.5 მილიარდ დოლარს გადაიხდის ათიათასობით სარჩელის მოსაგვარებლად, რომელთა ავტორები ამტკიცებენ, რომ კომპანიის საბავშვო პუდრი და ტალკის შემცველი სხვა პროდუქტები საკვერცხის კიბოს იწვევს.

როგორც Reuters-ი წერს, ეს ისტორიული შეთანხმებაა, რომელმაც შესაძლოა ბოლო მოუღოს ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე და მწვავე სამართლებრივ დავას, რომელიც კომპანიას დიდი ხნის განმავლობაში აქვს.

Johnson & Johnson-ის განცხადებით, შეთანხმება მოიცავს დაახლოებით 76 000 სარჩელს.  მანამდე Johnson & Johnson-მა უკვე მოაგვარა სარჩელების უმეტესობა, რომლებშიც ირწმუნებოდნენ, რომ კომპანიის ტალკი აზბესტით იყო დაბინძურებული და მეზოთელიომას იწვევდა. ესაა იშვიათი, მაგრამ ძალიან აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება მეზოთელიუმში — თხელ გარსში, რომელიც შინაგან ორგანოებს ფარავს.

შეგახსენებთ, რომ Johnson & Johnson-ის წინააღმდეგ ტალკის პროდუქტებთან დაკავშირებული სასამართლო დავები 2010-იანი წლების დასაწყისიდან მიმდინარეობს. ათიათასობით მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ კომპანიის საბავშვო პუდრისა და სხვა ტალკის შემცველი პროდუქტების ხანგრძლივმა გამოყენებამ მათ საკვერცხის კიბო ან, ზოგიერთ შემთხვევაში, მეზოთელიომა განუვითარა. მოსარჩელეები ასევე აცხადებდნენ, რომ კომპანიის ტალკის ნაწილი აზბესტით იყო დაბინძურებული. Johnson & Johnson ბრალდებებს მუდმივად უარყოფდა და აცხადებდა, რომ მისი ტალკის პროდუქტები უსაფრთხო იყო და არ შეიცავდა აზბესტს.

წლების განმავლობაში კომპანიამ არაერთი სარჩელი ინდივიდუალურად ან შეთანხმების საფუძველზე მოაგვარა, თუმცა ერთიანი მასშტაბური შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდებოდა. 2023 წელს Johnson & Johnson-მა აშშ-სა და კანადაში ტალკის საფუძველზე დამზადებული საბავშვო პუდრის გაყიდვა შეწყვიტა და ის სიმინდის სახამებლის შემცველი პროდუქტით ჩაანაცვლა. ახლა გამოცხადებული 5.5 მილიარდი დოლარის შეთანხმება, რომელიც, როგორც აღინიშნა, 76 ათასამდე სარჩელს მოიცავს, შესაძლოა მრავალწლიანი და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კორპორაციული სამართლებრივი დავის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს.