საქაერონავიგაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს, - ამის შესახებ საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ულტრათანამედროვე სისტემები სრულად შეესაბამება როგორც ICAO-ს სტანდარტებს, ისე ევროკავშირის ნორმებს.

„დღეს დავათვალიერეთ ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, ვინაიდან პირველად შენდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი - 3600 მეტრი. "საქაერონავიგაცია“ სრულად განაახლებს შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, გარდა ამისა, მოეწყობა ახალი მეტეოსადგურები, უკვე დამონტაჟდა ინსტრუმენტული დაფრენის ახალი სისტემა, ანუ სრულად განახლდება სანავიგაციო ინფრასტრუქტურა ულტრათანამედროვე სისტემებით, რომლებიც შეესაბამება როგორც ICAO-ს სტანდარტებს, ისე ევროკავშირის ნორმებს. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა აფრენისა და დაფრენის ახალი სტანდარტული პროცედურები, რომლის ვალიდაციაც სპეციალური ლაბორატორია თვითმფრინავით განხორციელდა“, - აღნიშნა ლევან კარანაძემ.

ინფორმაციას საქაერონავიგაცია ავრცელებს