ირანთან ომის პირველი ხუთი თვე შეერთებულ შტატებს $38 მლრდ დაუჯდა. ამის შესახებ კონგრესის საბიუჯეტო ოფისის (CBO) ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც გამოცემა POLITICO ავრცელებს.
დამოუკიდებელი სააგენტოს შეფასებით, სამხედრო კონფლიქტი, რომელმაც უკვე წაიღო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილი მთლიანი სამხედრო ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, თვეში დაახლოებით 2-დან 3 მილიარდ დოლარამდე ჯდება.
ამასთან, CBO ადასტურებს, რომ საბრძოლო ოპერაციებმა აშშ-ის შეიარაღების მარაგები, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რაკეტები-გადამჭერები სერიოზულად შეამცირა.
საერთო ხარჯიდან ყველაზე დიდი წილი, $21.7 მილიარდი სწორედ რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩანაცვლებაზე მოდის (მათ შორის 13.1 მილიარდი - რაკეტა-გადამჭერებზე, 7.3 მილიარდი - ფრთოსან რაკეტებზე). ანგარიშის მიხედვით, ამ მარაგების სრულად აღდგენას სულ მცირე 5 წელი დასჭირდება, რაც ჩინეთთან პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაში ამერიკის საბრძოლო მზადყოფნას რისკის ქვეშ აყენებს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივნისში კონგრესს $67 მილიარდის დამატებითი დაფინანსება სთხოვა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში პროცესი შეფერხებულია და, სავარაუდოდ, ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე არ განახლდება.
CBO აღნიშნავს, რომ ომმა ასევე ხელი შეუწყო გლობალური ინფლაციის ზრდას, რაც გამოწვეულია ჰორმუზის სრუტეში ნავთობისა და გაზის მიწოდების შეფერხებითა და წითელ ზღვაში ნაოსნობის პრობლემებით. ოპოზიციონერი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ომის ხარჯები და ენერგორესურსების გაძვირება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ჯიბეებს მძიმე ტვირთად აწევს.