ევროკავშირის მიერ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შემდეგ, ირანის პარლამენტის დეპუტატები სხდომაზე IRGC-ის ფორმებით მივიდნენ და პროტესტის ნიშნად ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამად ბაქერ ყალიბაფმა, 1 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ თეირანი ევროპული ქვეყნების არმიებს „ტერორისტულ ჯგუფებად“ მიიჩნევს:
„IRGC-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების წინააღმდეგ მიღებული კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, ევროპული ქვეყნების არმიები ტერორისტულ ჯგუფებად ითვლება და ამ გადაწყვეტილების შედეგებზე პასუხისმგებლობა ევროკავშირს დაეკისრება“.
29 იანვარს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ "გუშაგთა კორპუსი" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ხელმძღვანელმა კაია კალასმა, სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.
IRGC-ის ნაწილი, "ბასიჯთა" რაზმები დემონსტრაციების ჩახშობისას მთავარი ძალა იყო.
გადაწყვეტილების შემდეგ “გუშაგთა კორპუსი” მოხვდა იმავე კატეგორიის ისეთ ორგანიზაციებს შორის, როგორებიცაა „ისლამური სახელმწიფო“, ჰამასი და „ალ-ყაიდა". ამ ნაბიჯით ევროპის ქვეყნები ირანის ხელმძღვანელობის მიმართ პოზიციას, სულ მცირე, სიმბოლურად იცვლიან.
ირანში იანვრის დასაწყისში საპროტესტო გამოსვლების დროს ათასობით ადამიანი მოკლეს. აშშ-ში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ირანში ძალადობის შედეგად ბოლო კვირების განმავლობაში, სულ მცირე, 6373 ადამიანი დაიღუპა და, სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდია. ამავე ცნობით, 42450-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.