ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, გერმანიის საფეხბურთო კავშირი (DFB) ამ ტურნირის შესაძლო ბოიკოტის საკითხზე დებატების გამართვის დილემის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა, ფეხბურთელები და ოფიციალური პირები პოზიციის დაფიქსირებას თავს არიდებენ.

გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ლეონ გორეცკა (N 8) და მცველი ჯოშუა კიმიხი (N 6) გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის მიუნხენში გამართული უეფა-ს ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის დროს. 2025 წლის 4 ივნისიფოტო: ოდ ანდერსენი / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ტარდება, აჟიოტაჟს ჯერ კიდევ დაწყებამდე იწვევს: აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებიდან გამომდინარე, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები ტურნირის ბოიკოტირების თაობაზე.

მარკუს სოდერი ტრამპის გამო მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირების წინააღმდეგია: „ეს სრული სიგიჟეა“ (გერმანულ ენაზე)

რეტიგი გიოტლიხის ინიციატივას აკრიტიკებს

მაგალითად, ოკე გიოტლიხმა, რომელიც საფეხბურთო კლუბ „სანკტ-პაულის“ პრეზიდენტი და გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) აღმასრულებელი კომიტეტის წევრია, გამოთქვა მოსაზრება, რომ გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რამაც უკმაყოფილება თავად საფეხბურთო კავშირში გამოიწვია.

კავშირის სპორტულმა დირექტორმა, ანდრეას რეტიგმა, სპორტულ ონლაინ-პლატფორმა RAN-თან საუბრის დროს განაცხადა, რომ ამ თემაზე დისკუსიის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ „კამათი ან მსჯელობა კომპეტენტურ ხალხთან და სწორ დროს უნდა შედგეს“. „ცოტა არ იყოს, ვწუხვარ, რომ ოკემ არასწორი თანმიმდევრობა აირჩია, რადგან ის არა მხოლოდ „სანკტ-პაულის“ პრეზიდენტი, არამედ DFB-ს ვიცე-პრეზიდენტიცაა. ამ რანგის პერსონას კი თავისი მოსაზრებები ჯერ ჩვენთვის, DFB-ს კედლებში უნდა გაეზიარებინა“, - გააკრიტიკა კოლეგა 62 წლის რეტიგმა.

გიოტლიხი პოზიციას არბილებს

მას შემდეგ, რაც გიოტლიხს ბუნდესლიგის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ახსნა-განმარტების გაკეთება მოუხდა, მან უკან დაიხია. „მე ბოიკოტისკენ არ მომიწოდებია, უბრალოდ დისკუსიის წამოწყება მინდოდა“, - განმარტა მან, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „ფეხბურთმა როგორმე უნდა აიტანოს“ ის, რომ „ასეთი თემა განიხილება“.

მიუხედავად ამისა, DFB-ი ბოიკოტის საკითხის შერბილებას ცდილობს. სპორტული თვალსაზრისით, ეს გასაგები გახდება, თუ 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატს გავიხსენებთ. ტურნირის ბოიკოტირების თემაზე მაშინ ატეხილმა ხმაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ეროვნული ნაკრების მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგი გადაფარა.

კიმიხს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება აღარ სურს

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიასთან გასამართი მატჩის წინ „პირზე ხელის აფარების ჟესტი“, რომლითაც გერმანიის ეროვნულ ნაკრებს, კაპიტნის სამკლავურზე წარწერა „One Love“-ის აკრძალვის გამო, ჩუმი პროტესტის გამოხატვა სურდა, ტურნირიდან ბუნდესნაკრების ნაადრევად გამოვარდნის შემდეგ ბუმერანგად იქცა.

პროტესტში მონაწილე ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან ჯოშუა კიმიხი და ლეონ გორეცკა (ორივე - მიუნხენის „ბაიერნი“), კატარის ფიასკოდან სათანადო დასკვნები გამოიტანეს. კიმიხმა Sport1-ს განუცხადა, რომ პოლიტიკურ დებატებში აღარ ჩაერთვება. ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს: „გავიაზრეთ, რომ პოლიტიკურ ჭრილში განცხადებების გაკეთება ჩვენთვის, მოთამაშეებისთვის, სასარგებლო არ არის“.

გორეცკა: „აუცილებლად უნდა გაიმარჯვო, თორემ აღებული ვალდებულება უკუშედეგს მოიტანს“

ეს აზრი გორეცკამ გაზეთ „Die Zeit“-თან საუბრისას გამოთქვა. „თუ როგორც სპორტსმენი, შეტევაზე გადადიხარ, ამით რისკზე მიდიხარ. აუცილებლად უნდა გაიმარჯვო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აქტივობა უკან შემოგიბრუნდება, რადგან ნათქვამს განზრახ არასწორად იგებენ ან ამახინჯებენ“, - აღნიშნა 30 წლის ფეხბურთელმა.

„ბაიერნის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმაც დადასტურა, რამდენად მძიმე ტვირთად აწვებათ სპორტსმენებს ასეთი გამოწვევა. „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, დორტმუნდის „ბორუსიის“ მწვრთნელს და მის მეკარეს, გრეგორ კობელს ამ საკითხზე აზრის გამოთქმა სთხოვეს.

კოვაჩმა კობელს ბოიკოტის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემა არ აცალა

შვეიცარიელი კობელი, რომელსაც ეს საქმე საერთოდ არ ეხება, ისევე როგორც ხორვატ კოვაჩს, პასუხის გასაცემად მზად იყო, მაგრამ კოვაჩმა შეაწყვეტინა. „არ ვიცი, უნდა იყოს თუ არა ეს დღევანდელი დღის თემა. ხვალ ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს“, - აარიდა თავი კითხვას კოვაჩმა და დასძინა: „ეს, ალბათ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კომპეტენციაა და არა საკლუბო გუნდის მწვრთნელის“.

საეჭვოა, იულიან ნაგელსმანი კოლეგის პასუხით კმაყოფილი დარჩენილიყო, მაგრამ, კოვაჩს ის, სავარაუდოდ, მაინც გაუგებს. საბოლოო ჯამში, ნაგელსმანის მთავარი საზრუნავი ის არის, თუ როგორ დააბრუნოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წარმატების გზაზე მას შემდეგ, რაც ზედიზედ ოთხ დიდ ტურნირზე ნახევარფინალში ვერ გავიდა. ასეთ ვითარებაში, პოლიტიკური დებატები მას არაფერში სჭირდება.

პოლიტიკა ოფიციალური პირების საქმეა

გერმანიის საფეხბურთო კავშირი საერთო პოზიციის შემუშავებას დღემდე ვერ ახერხებს. საკითხში სიცხადე პარასკევს დაგეგმილმა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომამ უნდა შეიტანოს. რეტიგის განცხადებები მიანიშნებს, რომ დახმარებას გერმანიის მთავრობისგან ელოდება.

„არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებისთვის ან სხვებისთვის საჯარო რჩევების მიცემა DFB-ს სპორტული მენეჯმენტის საქმეა. მე არასდროს მისაუბრია ბატონ ტრამპთან, მაგრამ ფედერალურ კანცლერთან - კი ბატონო. ვფიქრობ, მან ჩვენზე მეტი იცის“, - განაცხადა რეტიგმა. საბოლოო ჯამში, DFB-ს ძირითადი საქმიანობა მართლაც ფეხბურთია და არა პოლიტიკა.

წყარო: 1 არხი