ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ურანს არცერთ ობიექტზე აღარ ამდიდრებენ.
"ირანში არადეკლარირებული ბირთვული გამდიდრება აღარ მიმდინარეობს. ჩვენი ყველა ობიექტი მონიტორინგისა და უსაფრთხო გარანტიების ქვეშაა, რომელსაც ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უზრუნველყოფს." - განაცხადა არაღაჩიმ.
"გამდიდრება აღარ მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც ჩვენს ობიექტებს თავს დაესხნენ." - დაამატა მინისტრმა.
AP-ის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა დასჭირდებოდა ირანს აშშ-თან და სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მინისტრმა უპასუხა, რომ საკუთარი ბირთვული პროგრამის შესახებ ირანის მესიჯი "მკაფიოა."
"მშვიდობიანი გამოყენებისთვის ბირთვული ტექნოლოგიის, მათ შორის ურანის გამდიდრების უფლების არსებობა ირანისთვის უდავოა." – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
"ჩვენ გვაქვს ეს უფლება და მის გამოყენებას გავაგრძელებთ. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, აღიარებენ ჩვენს უფლებებს და გაიგებენ, რომ ეს ირანის განუყოფელი უფლებაა და მის დათმობას არ ვაპირებთ." - დაამატა აბას არაღჩიმ.