სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანას შვიდი დღე აქვს, რომ უზრუნველყოს ქვეყნის ერთადერთი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მედიის ცნობით, აღნიშნულ ქარხანას რუსული კომპანია NIS ფლობს. აშშ მოითხოვს, რომ რუსეთმა კომპანია სრულად გაყიდოს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კომპანიას სამი თვე მისცა მყიდველის საპოვნელად. ბანკებმა NIS-ის ტრანზაქციები გაყინეს.
როგორც მედია წერს, ქარხანას მხოლოდ 25 ნოემბრამდე ეყოფა ნავთობი მუშაობისთვის.
„გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ შემდეგი შვიდი დღის განმავლობაში. ქარხანამ უნდა იმუშაოს. მე არ მინდა, ვინმესგან რაიმეს წართმევა. ეს კომპანია ძირითადად რუსეთის საკუთრებაა. მინდა, ამოვწუროთ ყველა შესაძლო ვარიანტი. გადაწყვეტილება მომავალ კვირას უნდა მივიღოთ“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.
ამასთან, სერბეთის ფინანსთა მინისტრის თქმით, NIS-ის წინააღმდეგ ხანგრძლივმა სანქციებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და უცხოურ ინვესტიციებს.
ცნობისთვის, რუსული „გაზპრომ ნეფტი“ და „გაზპრომი“ ერთობლივად ფლობენ NIS-ის 56%-ს.