ტრამპის მხრიდან მუქარის ფონზე, გრენლანდიის პრემიერი დანიაში ჩადის.

გრენლანდიის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი დანიაში სტუმრობით დაიწყო და ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიის ავტონომიური ტერიტორიის დასაკუთრებას გეგმავს. გრენლანდიის ახალ კოალიციურ მთავრობას იენს-ფრედერიკ ნილსენი მას შემდეგ ხელმძღვანელობს, რაც მისმა ცენტრისტულმა „დემოკრატების პარტიამ“ მარტში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. კოპენჰაგენში მის სტუმრობას წინ უძღოდა აპრილში დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის ჩასვლა არქტიკულ ტერიტორიაზე, საიდანაც მან ოფიციალურ ვაშინგტონს მიმართა: „თქვენ არ შეგიძლიათ სხვა ქვეყნის ანექსირება“. „უპირველეს ყოვლისა, მე განვაახლებ მოლაპარაკებებს დანიის პრემიერ-მინისტრთან გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ დროში სამომავლო თანამშრომლობა კარგად დავგეგმოთ“, - განაცხადა ნილსენმა კვირას, 27 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში.

დაძაბულობა შეერთებულ შტატებსა და დანიას შორის მას შემდეგ გაიზარდა, რაც ტრამპმა არაერთხელ გაიმეორა, რომ მას არქტიკულ კუნძულზე კონტროლის დამყარება სურს. აშშ-ს პრეზიდენტმა დაჟინებით აცხადებს, რომ ვაშინგტონს გრენლანდიაზე კონტროლი გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებისთვის სჭირდება და იქვე დასძენს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს.

„გლობალური მშვიდობა“

„მე ვფიქრობ, რომ ეს საჭიროა გლობალური მშვიდობისთვის და თუ ასე არ მოხდება, ეს დიდი საფრთხე იქნება ჩვენი სამყაროსთვის. ასე რომ, გრენლანდია, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური მშვიდობისთვის“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს 24 აპრილს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორესთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს. თავის მხრივ, დანიის მთავრობის მეთაური ხაზგასმით ამბობს, რომ ნილსენის ვიზიტის ყურადღების ცენტრში გრენლანდიასა და დანიას შორის თანამშრომლობა იქნება. „ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს იმ რთულ საგარეო პოლიტიკურ სიტუაციაში, რომელშიც ახლა გრენლანდია და დანიის სამეფო იმყოფებიან“, - განაცხადა ფრედერიკსენმა. ასევე აღსანიშნავია, რომ მარტში გრენლანდიაში იმყოფებოდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, რაც კოპენჰაგენმა და ნუუკმა ერთხმად მონათლეს „პროვოკაციად“.

პიტუფიკის (გრენლანდია) ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სტუმრობის დროს, ვენსმა დანია იმის გამო გაკიცხა, რომ „კოპენაჰგენი გრენლანდიის ხალხზე არ ზრუნავს“. „თქვენ არასაკმარისი ინვესტიცია ჩადეთ გრენლანდიაში, ამ წარმოუდგენლად ლამაზი მიწის უსაფრთხოების არქიტექტურაში“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს სოციალურ მედიაში ასე უპასუხა: „ჩვენ ღია ვართ კრიტიკისთვის, მაგრამ ნება მომეცით, გულწრფელი ვიყო - არ მოგვწონს ის ტონი, რომლითაც ეს კრიტიკაა გამოთქმული“. თავად ნილსენმა კი გადაჭრით თქვა, რომ „აშშ გრენლანდიას ვერ მიიღებს“.

„ჩვენ არავის ვეკუთვნით. ჩვენ თავად ვწყვეტთ საკუთარ მომავალს“, - დასძინა მან ფეისბუკ-პოსტში. კოპენჰაგენში ვიზიტის დროს, რომელიც ორი დღე გაგრძელდება, ნილსენი ასევე შეხვდება დანიის მეფეს ფრედერიკს და დანიის პარლამენტის წარმომადგენლებს. დანიის სამეფო სახლის მიერ ცალკე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგ, მეფე ნილსენს გრენლანდიაში, არქტიკული კუნძულის მოსანახულებლად გაჰყვება. გამოკითხვები აჩვენებს, რომ გრენლანდიის 57 ათასიანი მოსახლეობის უმეტესობას დანიისგან დამოუკიდებლობა სურს, მაგრამ აშშ-ს ნაწილად გადაქცევას არ აპირებს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი