გრენლანდია მას შემდეგ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დანიის მმართველობის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ანექსიით დაიმუქრა. მიუხედავად ამისა, მისი ოქროს ექსპორტს დღესაც ნაკლები ყურადღება ეთმობა. ამასობაში კი, გრენლანდიიდან იმპორტის ახალი არხის გახსნით, შვეიცარიამ, როგორც ოქროთი ვაჭრობისა და მისი გადამუშავების მსოფლიო ჰაბმა, კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია.
შვეიცარიის ფედერალური საბაჟო სამსახურის წინასწარი მონაცემებით, რომლებიც კვირას გამოცემა „ზონთაგსცაიტუნგმა“ გამოაქვეყნა, გასული წლის განმავლობაში, გრენლანდიიდან შვეიცარიაში ოქროს იმპორტი ნულიდან 18 მილიონ შვეიცარიულ ფრანკამდე (22.5 მილიონი აშშ დოლარი) გაიზარდა.
ამ ზრდის მიზეზები როგორც ტექნიკურ, ისე გეოგრაფიული ფაქტორებში უნდა ვეძებოთ.
„ვინაიდან გრენლანდიას საკუთარი გადამამუშავებელი ქარხანა (აფინაჟი) არ გააჩნია, ეს ოქრო შვეიცარიაში მოდის“, - განუცხადა გამოცემას ძვირფასი ლითონების მწარმოებელთა და დილერთა შვეიცარიული ასოციაციის პრეზიდენტმა, კრისტოფ უაილდმა.
სამთო-მოპოვებითმა კომპანიამ, რომელიც კუნძულის ერთადერთ ოქროს საბადოს მართავს (საბადომ მუშაობა 2024 წლის ბოლოს, პაუზის შემდეგ განაახლა), აღნიშნული სავაჭრო ურთიერთობა დაადასტურა.
შვეიცარიული გაზეთის ცნობით, ნედლი ლითონი, რომლის მოცულობამაც 2025 წელს დაახლოებით 200 კილოგრამი შეადგინა, იგზავნება „მეტალორის“ გადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც ნევშატელის კანტონშია (დასავლეთ შვეიცარია), რათა მოხდეს მისი დამუშავება და ზოდებად ან სხვა მაღალი სინჯის მზა პროდუქტებად გარდაქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრები, ოქროს ახალი წყაროს კვალობაზე, საკმაოდ მნიშვნელოვანია, ისინი მაინც მცირეა შვეიცარიის ოქროს ვაჭრობის საერთო მოცულობასთან შედარებით. 2025 წელს შვეიცარიამ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 550 ტონაზე მეტი ოქრო გაიტანა ექსპორტზე, რომლის ღირებულებამაც 46 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკზე მეტი შეადგინა.
წყარო: 1 არხი