ველური ფლორითა და ფაუნით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ჩატარებული გლობალური ოპერაციის შედეგად, სამართალდამცველმა 30,000-მდე ცოცხალი ცხოველი ამოიღეს.
მრავალთვიანი მომზადების შემდეგ, 134 ქვეყნის პოლიციამ, სასაზღვრო და ველური ბუნების დაცვის სამსახურებმა კრიმინალური ქსელების გამოსავლენად და დასაშლელად სადაზვერვო ინფორმაცია გაცვალეს.
ოპერაცია Thunder-ის ფარგლებში, რომელსაც კოორდინაციას ინტერპოლი და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO) უწევდნენ, 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე რეკორდული მაჩვენებელი - 4,460 კონფისკაცია დაფიქსირდა.
ამოღებულია ათიათასობით დაცული ცხოველი და მცენარე, ათიათასობით კუბური მეტრი უკანონო ხე-ტყე და გადაშენების პირას მყოფი სახეობების 30 ტონაზე მეტი პროდუქტი. იდენტიფიცირებულია 1 100 ეჭვმიტანილი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საზღვარზე ცოცხალი ცხოველების კონტრაბანდის რეკორდული მაჩვენებელი ძირითადად ეგზოტიკურ შინაურ ცხოველებზე მზარდი მოთხოვნითაა განპირობებული. თუმცა, უკანონო ვაჭრობის დიდი ნაწილი ცხოველთა ნარჩენებსა და სხეულის ნაწილებს უკავშირდება, რომლებიც ტრადიციულ მედიცინასა და დელიკატესებში გამოიყენება. ბელგიის ხელისუფლებამ პრიმატის ხორცი ამოიღო, კენიელმა მაღალჩინოსნებმა - 400 კილოგრამზე მეტი ჟირაფის ხორცი, ტანზანიელმა სამართალდამცველმა კი 10,000 დოლარის ღირებულების ზებრისა და ანტილოპას ხორცი და ტყავი აღმოაჩინეს. გლობალური მასშტაბით ამოღებულია რეკორდული რაოდენობის - 5.8 ტონა გარეული ცხოველის ხორცი. ოფიციალური უწყებები აფრიკიდან ევროპაში კონტრაბანდის შემთხვევების „საგრძნობ მატებაზე“ საუბრობენ.
ოპერაცია Thunder-მა ასევე გამოავლინა ზღვის ბინადრებით ვაჭრობის ზრდა - ერთკვირიანი რეიდების დროს 245 ტონაზე მეტი ზღვის ცხოველი ამოიღეს.
გარემოსდაცვითი დამნაშავეები არა მხოლოდ დიდი ზომის ცხოველებზე ნადირობენ. მსოფლიოს მასშტაბით ამოღებულია 10,500-მდე პეპელა, ობობა და მწერი, რომელთაგან ბევრი დაცული სახეობაა.
მათ შორის, სამართალდამცველებმა ამოიღეს აშშ-ის საფოსტო ცენტრში გერმანიიდან, სლოვაკეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაგზავნილი მწერების 40 და პეპლების 80 გზავნილი.
ინტერპოლის განცხადებით, მცირე ზომის მიუხედავად, ეს არსებები „სასიცოცხლო ეკოლოგიურ როლს“ ასრულებენ. მათი ბუნებრივი გარემოდან ამოღება კვებითი ჯაჭვის რღვევისა და ინვაზიური დაავადებების გავრცელების რისკს ქმნის.
რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია მცენარეებით უკანონო ვაჭრობამაც - ამოღებულია 10 ტონაზე მეტი ცოცხალი მცენარე. ექსპერტები ამას მებაღეობისა და კოლექციონერების ბაზრებზე არსებულ მოთხოვნას უკავშირებენ.