აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან მიღწეული შეთანხმება არის ყოვლისმომცველი და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს მომავალი მრავალი წლის განმავლობაში.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.
დონალდ ტრამპი ასევე აცხადებს, რომ მოსალოდნელია სხვა ქვეყნებთანაც შეთანხმებები, რომლებიც მოლაპარაკებების ეტაპზეა.
„გაერთიანებულ სამეფოსთან შეთანხმება სრული და ყოვლისმომცველია, რომელიც შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობას მრავალი წლის განმავლობაში გაამყარებს. ჩვენი ხანგრძლივი ისტორიისა და ერთმანეთის მიმართ ერთგულების გამო დიდი პატივია, რომ გაერთიანებული სამეფოსთან შეთანხმება ჩვენ პირველი გამოვაცხადეთ. ამას მოჰყვება კიდევ ბევრი სხვა შეთანხმება, რომლებიც მოლაპარაკებების სერიოზულ ეტაპზეა!“ – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ბრიტანეთის შეთანხმების დეტალები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა მხარეები ტარიფების შემცირების საკითხს განიხილავდნენ, მათ შორის ავტომობილებისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ამჟამად შეერთებულ შტატებს ბრიტანეთისთვის 10%-იანი საბაზისო ტარიფები აქვს დაწესებული, თუმცა ავტომობილებზე, ალუმინსა და ფოლადზე ტარიფი 25%-ს შეადგენს.