რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში ნედლეულიდან შემოსავლები ზედიზედ მესამე თვეა, მცირდება და დეფიციტი იზრდება.

ამის შესახებ ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რასაც Bloomberg ავრცელებს.

კერძოდ, აპრილის შედეგების მიხედვით, ხაზინამ ნავთობისა და გაზიდან გადასახადების სახით 1.08 ტრლნ რუბლი (13.2 მლრდ დოლარი) მიიღო, რაც, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 12%-ით ნაკლებია. ნავთობისა და გაზის კომპანიებიდან 4 თვის განმავლობაში დაგროვილი გადასახადები 10%-ით, ანუ 430 მლრდ რუბლით (5.3 მლრდ დოლარით), 3.76 ტრლნ რუბლამდე (46 მლრდ დოლარამდე) შემცირდა.


მართალია, ბიუჯეტის შემოსავლების მთლიანი მოცულობა, არარესურსული გადასახადების ჩათვლით, 5%-ით გაიზარდა და 12.3 ტრლნ რუბლს (150.4 მლრდ დოლარს) მიაღწია, მაგრამ ხარჯი, რომლის მესამედიც წელს არმიასა და ომზე არის გამოყოფილი, 20%-ით გაიზარდა და 15.5 ტრლნ რუბლს (189.6 მლრდ დოლარს) მიაღწია.

შედეგად აპრილის ბოლოსთვის ბიუჯეტში 3.23 ტრლნ რუბლის (39.5 მლრდ დოლარის) დეფიციტი გაჩნდა, რაც გასული წლის პირველი ოთხი თვის მაჩვენებელზე, ანუ 1.14 ტრლნ რუბლის (13.9 მლრდ დოლარის) დეფიციტზე 183%-ით მეტია. მთავრობის მიერ დახარჯული ყოველი მეხუთე რუბლი, ანუ ბიუჯეტის 20.8% რეალური საგადასახადო შემოსავლების გარეშე დარჩა.

ფინანსთა სამინისტრო რელიზში განმარტავს, რომ ნედლეულის შემოსავლები ნავთობის ფასების ვარდნის გამო შემცირდა. კერძოდ, რუსული Urals-ის მარკის ნავთობი აპრილში ბარელზე, საშუალოდ, 54 დოლარად ივაჭრებოდა, მაშინ, როცა იანვარში 70 დოლარი ან მეტი ღირდა.

უწყება გაფრთხილებას იძლევა, რომ „ფასების კონიუნქტურის შესუსტების გამო ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემდგომი შემცირების რისკები არსებობს.“ მაგალითად, მაისის დასაწყისში რუსულ პორტებში Urals-ის ფასი 47-48 დოლარამდე დაეცა, ხოლო ეკონომიკური განვითარების სამინისტრო პროგნოზირებს, რომ წლის ბოლოსთვის მისი საშუალო ფასი, დაახლოებით, 53 დოლარს შეადგენს.

თავდაპირველად 2025 წლის ბიუჯეტი ბარელზე 69.7-დოლარიანი ფასით იყო შედგენილი, თუმცა აპრილში ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ პროგნოზი 56 დოლარამდე შეამცირა, ხოლო ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის დეფიციტის შეფასება სამჯერ გაზარდა და 1.2 ტრლნ რუბლის (14.7 მლრდ დოლარის) ნაცვლად ამჟამად ის 3.8 ტრლნ რუბლით (46.5 მლრდ დოლარით) არის დაგეგმილი.

მის დასაფარად, ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით, წლის ბოლომდე ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან 800 მლრდ რუბლის (9.8 მლრდ დოლარის) ღირებულების ვალუტის გაყიდვა იქნება საჭირო.

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის მთავრობა უკვე 2026 წლის ბიუჯეტის სეკვესტრირების შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა სამხედრო ხარჯი პრობლემად რჩება, რადგან ხაზინაში ყოველ მესამე რუბლს შთანთქავს და მისი შემცირება შეუძლებელია.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი