რომის 267-ე პაპი ამერიკელი რობერტ პრევოსტია, რომლის საეკლესიო სახელიც ლეო XIV იქნება.

69 წლის რობერტ პრევოსტი ჩიკაგოშაი დაბადებული. 2015-2023 წლებში რობერტ პრევოსტი პერუში ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსად მსახურობდა. ის კარდინალად პაპმა ფრანცისკემ 2023 წელს აკურთხა. მიმდინარე წლის თებერვალში რომის პაპმა ის კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურა და რომის პროვინციაში, ალბანოს ეპარქიაში განაწესა.

ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ 133-მა ამომრჩეველმა კარდინალმა რომის 267-ე უზენაესი პონტიფექსი აირჩია.

კონკლავი 7 მაისს შეიკრიბა და იმავე დღეს გაიმართა ერთი კენჭისყრა - კვამლი შავი იყო. შემდეგ დღეებში ოთხი კენჭისყრა იმართება ყოველდღიურად - ორი დილით, ორი საღამოს.

დღეს, 8 მაისის დილას ორი კენჭისყრა შედგა. ორივე კენჭისყრის ბიულეტენები ერთდროულად დაწვეს. პაპი კონკლავმა საღამოს აირჩია - მეოთხე სესიაზე.

აღსანიშნავია, რომ პაპი ბენედიქტე და ფრანცისკე კონკლავის მეორე დღის მეოთხე და მეხუთე სესიებზე აირჩიეს. იოანე-პავლე მეორე კი მესამე დღეს, რიგით მერვე კენჭისყრაზე, აირჩიეს.

მეოცე საუკუნეში ყველაზე დიდხანს კონკლავი ხუთ დღეს, პიუს მეთერთმეტის არჩევისას გაგრძელდა.