აშშ-ის ფედერალური უწყებების თანამშრომლებმა შაბათს, ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადგილობრივი მოსახლის, რენე გუდის, მოკვლიდან 17 დღის შემდეგ, მინეაპოლისში კვლავ მოკლეს ადამიანი. ქალაქში ახალი ძალით იფეთქა საპროტესტო გამოსვლებმა.

მინეაპოლისის პოლიციის უფროსმა, ბრაიან ო’ ჰარამ, პრესას შეატყობინა, რომ მინეაპოლისში, ქალაქის სამხრეთ ნაწილში, სროლის შედეგად დაიღუპა 37 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ აშშ-ის მოქალაქე.

შიდა უსაფრთხოების სამინისტროს პრესმდივანმა ტრიშა მაკლაჰლინმა BBC-ს შეატყობინა, რომ მინეაპოლისში ოპერაციას ატარებდნენ სასაზღვრო დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომლები.

მაკლაჰლინის თქმით, სასაზღვრო დაცვა ატარებდა ოპერაციას „არალეგალი უცხოელის დასაკავებლად“. ამ დროს მათთან მივიდა პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი.

„თანამშრომლები შეეცადნენ, განეიარაღებინათ ეჭვმიტანილი, მაგრამ შეიარაღებულმა ეჭვმიტანილმა გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია მათ. შიშობდა რა საკუთარი და სხვა თანამშრომლების სიცოცხლის გამო, ერთ-ერთმა აგენტმა რამდენჯერმე გაისროლა თავდაცვის მიზნით,“ აღნიშნა სამინისტროს პრესმდივანმა.

მან დაადასტურა, რომ მედიკოსები შეეცადნენ დაჭრილისთვის დახმარების აღმოჩენას, მაგრამ ის ადგილზე გარდაიცვალა.

მინესოტის შტატის გუბერნატორმა და შტატის სენატორმა კვლავ მოუწოდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს საიმიგრაციო პოლიციის, ICE-ის, და საზღვრის დაცვის ათასობით თანამშრომელი, რომლებიც მინესოტაში გაიგზავნნენ არალეგალ მიგრანტებთან საბრძოლველად.

შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა, რომ დაღუპული პირი შეიარაღებული იყო პისტოლეტითა და ორი მჭიდით.

მინესოტის გუბერნატორმა ტიმ უოლზმა თქვა, რომ უკვე დაუკავშირდა თეთრ სახლს და მოითხოვა ICE-ის გაყვანა.

მინესოტაში, სროლის ადგილას, ასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე. CNN-ის ცნობით, პოლიცია მათ დაშლას ცდილობს, მათ შორის, ცრემლმდენი გაზით. ქალაქში მუქი კვამლი დგას, დემონსტრანტებმა იმპროვიზებული ბარიკადები ააგეს. „დაძაბულობა იზრდება“, იუწყება ტელეარხი.

ოლქის პროკურორმა ჰენპინ მერი მორიარტიმ განაცხადა, რომ ადგილობრივი მოსახლის სიკვდილი ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ და რომ ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის ადგილობრივ ბიუროს უნდა მისცენ წვდომა ინციდენტის ადგილზე.

www.radiotavisupleba.ge