ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია და შვედეთი, კუნძულის უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამხედრო ძალებს გაგზავნის, მას შემდეგ, რაც დანიის, გრენლანდიისა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის ვაშინგტონში მოლაპარაკებები გაიმართა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ფრანგი სამხედროების პირველი ჯგუფი უკვე გზაშია, ხოლო დანარჩენი კონტინგენტი ეტაპობრივად ჩავა კუნძულზე.
თავის მხრივ, გერმანია გრენლანდიაში 13-კაციან სადაზვერვო ჯგუფს აგზავნის.
დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროლს ლუნდ პოულსენმა აღნიშნა, რომ მიზანი მეტად მდგრადი სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნაა ისეთ გარემოში, სადაც "არავინ იცის, რა მოხდება ხვალ".
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 იანვარს Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ აშშ გრენლანდიაზე კონტროლს არ დაამყარებს, მას რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს, რასაც ის არ დაუშვებს.
"მე ვცდილობ მათთან შეთანხმების დადებას, ეს ყველაზე მარტივი გზაა, თუმცა ჩვენ გრენლანდიას ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ". - თქვა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი იქნება NATO-ს პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით, ტრამპმა უპასუხა, რომ მას NATO მოსწონს და სწორედ ის იყო NATO-ს თავდაცვის ხარჯების 2%-დან 5%-მდე გაზრდის ინიციატორი.
"ჩვენ NATO-ზე ბევრ ფულს ვხარჯავთ. მე რომ პრეზიდენტი არ ვიყო, NATO აღარ იარსებებდა," - განმარტა ტრამპმა.
ტრამპს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ სურს, გრენლანდია აშშ-ს შემადგენლობაში შევიდეს. ამ კუთხით, მას არ გამოურიცხავს დანიის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის გამოყენებაც.
თავის მხრივ, დანიასა და გრენლანდიაში ნათქვამი აქვთ, რომ კუნძული არ იყიდება. მათ ასევე დაგმეს გრენლანდიაში აშშ-ს მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების შესახებ გავრცელებული ცნობები.
ამასთანავე, ბოლო კვირებში გრენლანდიის აშშ-სთვის გადაცემის მისწრაფებებზე საუბრის დროს თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა და თქვა, რომ "სამხედრო გზა ყოველთვის ვარიანტია.
"პრეზიდენტ ტრამპს კარგად აქვს გაცხადებული, რომ გრენლანდიის მიღება შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არქტიკის რეგიონში ჩვენი მოწინააღმდეგეების შესაკავებლად... პრეზიდენტი და მისი გუნდი განიხილავს სხვადსხვა ვარიანტებს, რომ საგარეო პოლიტიკის ამ მნიშვნელოვან მიზანს მიაღწიონ და, რა თქმა უნდა, აშშ-ს სამხედრო [ძალის] გამოყენება ყოველთვის არის მთავარსარდლის განკარგულებაში მყოფი ვარიანტი." - თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა 7 იანვარს.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა გრენლანდიის შესყიდვის საკითხი თავდაპირველად პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დააყენა. მან 2019 წელს დანიაში ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი გააუქმა, როდესაც დანიელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის ავტონომიური ტერიტორია არ იყიდებოდა.