აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტისგანცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან დიზელის საწვავთან დაკავშირებულ შეთანხმებას არსებული სამართლებრივი უფლებამოსილების გამოყენებით აპირებს. მისი თქმით, შეთანხმება ამერიკელი ხალხისთვის სასარგებლოა, რადგან დიზელის საწვავის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს.

„პირველ რიგში, ჩვენ ამას ყველა იმ სამართლებრივი უფლებამოსილების გამოყენებით გავაკეთებთ, რაც ჩვენს ხელთ არის. ასე რომ, კონგრესში ვინც უნდა ამტკიცებდეს, რომ ამის გაკეთებას ძველი კანონპროექტი ან ლინდსი გრემის ამჟამინდელი კანონპროექტი გვიკრძალავს, ის ცდება. მოდით, ასე შევხედოთ საკითხს: პრეზიდენტი ტრამპი თანამდებობაზე მოვიდა მანდატით, ემუშავა ამერიკელი ხალხის საკეთილდღეოდ. ეს კი ამერიკელი ხალხისთვის სასარგებლოა, რადგან დიზელის საწვავის ფასებს ამცირებს. რაც შეეხება ირანს, მოდით, ნათლად ვთქვათ: ამ სიტუაციაში ყველაზე დიდი წაგებული ირანის რეჟიმია. მათ სცადეს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით საზღვაო მიმოსვლის შეფერხება, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. მათ სცადეს დიზელის ფასებზე ზეწოლის მოხდენაც, მაგრამ არც ეს გამოსდით. ევროპელებმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთს იმაზე მეტი ფული გადაუხადეს, ვიდრე უკრაინისთვის ჰქონდათ გადახდილი, რადგან რუსული ენერგორესურსებისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ. მათ ენერგეტიკული პოლიტიკა ჩაუვარდათ და კვლავ აფინანსებენ ვლადიმირ პუტინს. ამიტომ, როდესაც ისინი ამბობენ, რომ დიზელის ფასების შემცირებით მიღებული შეღავათი არ უნდა გვქონდეს, ეს სრული თვალთმაქცობაა“, – განაცხადა ბესენტმა.