რუსული ენერგეტიკული კომპანიის „გაზპრომის“ მონაცემებით, ევროპაში ბუნებრივი აირის საშუალო დღიური მიწოდება გაზსადენ „თურქული ნაკადის“ გავლით იანვარში, წინა წელთან შედარებით, 10.3%-ით გაიზარდა.

როგორც „როიტერი“ წერს, რუსული გაზისთვის თურქეთი ერთადერთი სატრანზიტო მარშრუტია ევროპაში მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა მოსკოვთან ხუთწლიანი სატრანზიტო ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რომლის ვადაც 2025 წლის იანვარში ამოიწურა.

„როიტერის“ გამოთვლებით, ევროპაში რუსული გაზის მიწოდების საერთო მოცულობამ „თურქული ნაკადის“ მეშვეობით იანვარში 1.73 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1.57 მილიარდი კუბური მეტრი იყო.

ევროპული გაზგადამცემი ჯგუფის, „ენტსოგის“ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებულმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ რუსული გაზის ექსპორტი „თურქული ნაკადის“ მილსადენის მეშვეობით იანვარში დღეში 55.8 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარში მისი მოცულობა 50.6 მილიონი კუბური მეტრი იყო.

ამასთან, გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა 2027 წლიდან რუსეთის გაზის იმპორტის სრული აკრძალვა დაამტკიცეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსულ გაზზე უარის თქმა ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის იურიდიულად სავალდებულო გახდება.

გადაწყვეტილების მიხედვით, ევროკავშირი რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტს 2026 წლის ბოლომდე შეწყვეტს, ხოლო მილსადენით მიწოდებულ გაზზე უარს 2027 წლის 30 სექტემბრიდან იტყვის.

უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთის გაზის წილი ევროკავშირში 40 პროცენტზე მეტი იყო. 2025 წელს იმპორტის წილი 13 პროცენტამდე შემცირდა.

1tv.ge